თბილისის საკრებულოში გარემოს დაცვის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ნიკოლოზ კახეთელიძე უძღვებოდა.
კომისიის წევრებმა, სხდომაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 27 დეკემბრის № 4-7 დადგენილებაში შესატანი ცვლილებები განიხილეს. საკითხი საკრებულოს წევრებს დედაქალაქის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის წარმომადგენელმა ლევან მდივნიშვილმა გააცნო და აღნიშნა, რომ წარმოდგენილი პროექტით ბიუჯეტის ჯამური მოცულობა რჩება უცვლელი და 1 559 866,6 ათას ლარს შეადგენს. ცვლილებები კი გადასახდელების ნაწილში თბილისის მერიის ზოგიერთი სტრუქტურული ერთეულის, რაიონის გამგეობის და ა(ა)იპ თბილისის განვითარების ფონდის დამატებითი მოთხოვნებისა და გადანაწილების შესახებ წინადადებების გათვალისწინებით ხორციელდება.
შესაბამისად, აღნიშნულის გათვალისწინებით ასიგნებები პროგრამებზე/ქვეპროგრამებზე გადანაწილდება, მათ შორის, გამწვანების ღონისძიებების პროგრამის ასიგნება - 1 400,0 ათასი ლარით გაიზრდება.
კომისიის წევრებმა, სხდომაზე „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ თბილისის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის N39-18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე საკრებულოს დადგენილების პროექტში შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს. საკითხი კომისიის წევრებს თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს წარმომადგენელმა ნინო ბაგაშვილმა გააცნო.
აგრეთვე, კომისიის წევრებმა განიხილეს, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული შემდეგი რიგის ქალაქგეგმარებით არეალის საკითხი, რომელიც თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს წარმომადგენელმა ოთარ ჩიტიძემ წარადგინა.
დღესვე, გარემოს დაცვის კომისიის სხდომაზე მიმდინარე საკითხები განიხილეს.
სხდომაზე წარმოდგენილ საკითხებს, საკრებულოს უახლოეს სხდომაზე განსახილველად დადებითი რეკომენდაცია მიეცა.