თბილისის საკრებულოში გარემოს დაცვის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს. სხდომას გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარე ნიკოლოზ კახეთელიძე უძღვებოდა.
კომისიის წევრებმა „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ თბილისის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის N39-18 დადგენილებაში ზონალური ცვლილებები განიხილეს. საკითხები თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს წარმომადგენელმა ოთარ ჩიტიძემ წარადგინა.
როგორც კომისიის სხდომაზე აღინიშნა, თბილისის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის №39-18 დადგენილებით დამტკიცებულ მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ცვლილება, განპირობებულია შემდეგი მიზეზებით: თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს დაკვეთით ააიპ ,,სენი-კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელმა’’ ლისის ტბის მიმდებარე არეალის გარემოსდაცვითი და ქალაქმშენებლობითი კვლევების მართვის დოკუმენტი შეიმუშავა. აღნიშნული კვლევის მიმდინარეობის პერიოდში, წარმოდგენილი არეალის სამშენებლოდ განვითარება დასაშვები არ იყო, ვინაიდან, კვლევების მიზანს წარმოადგენდა მათ შორის დატბორვის, წყალშემკრები აუზისა და ტბის მკვებავი არხების არეალის საზღვრების დაზუსტება, მოსალოდნელი საფრთხეების შესარბილებელი ღონისძიებების, ტბის წყლით მომარაგებისთვის საჭირო ბუნებრივი ციკლის დაცვისა და მართვის რეკომენდაციების მომზადება, საკვლევ არეალში წყალშემკრები ხევების დაცვის ზუსტი ბუფერების დადგენა.
კვლევის შედეგად, გამოვლინდა კონკრეტული მიგნებები და რეკომენდაციები, რომელთა ნაწილიც უკვე აისახა დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში. კერძოდ, არეალის სამშენებლოდ განვითარება დასაშვები გახდა განაშენიანების რეგულირების გეგმებით, ახალი რეგლამენტის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის მიერ განსაზღვრული კონკრეტული პირობების შესაბამისად.
გარემოს დაცვის კომისიის სხდომაზე წარმოდგენილ საკითხებს საკრებულოს სხდომაზე განსახილველად დადებითი რეკომენდაცია მიეცა.