თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის ინიციატივითა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინიტროს თანადგომით, ილია ჭავჭავაძის ხსენების დღესთან დაკავშირებით საკრებულოს დიმიტრი ყიფიანის სახელობის სხდომათა დარბაზში შსს აკადემიის არქივის მიერ გადაღებული უნიკალურ მასალებზე დაფუძნებული ახალი დოკუმენტური ფილმის „ვინ მოკლა ილია“ ჩვენება მოეწყო.
ღონისძიების ფარგლებში საკრებულოს თამარ მეფის სახელობის დარბაზში გამოფენა გაიმართა, რომელზეც წარმოდგენილი იყო ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მეორიალური მუზეუმის ექსპონატები სერიებიდან „ილია XXI საუკუნის ადამიანი“, „ილია და ევროპა“, ასევე „უდანაშაულობის პრეზუმფცია“.
როგორც საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ თამარ ტალიაშვილმა განაცხადა, 11 სექტემბერი წმინდა ილია მართლის გახსენების დღედ პატრიარქის ლოცვა-კურთხევით ტრადიციად გასული წლიდან დამკვიდრდა. ,,ვფიქრობ, აღნიშნული ინიციატივა საზოგადოებაში და კერძოდ, ახალგაზრდებში ილიასეული ღირებულებების, სამართლიანობის, კანონიერებისა და ჰუმანიზმის გაღრმავების თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია’’,- განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.
ღონისძიებას საკრებულოს დეპუტატებთან ერთად თბილისის მერიის, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საპატრიარქოს წარმომადგენლები, ასევე ახალგაზრდები არასამთავრობო ორგანიზაციებიდან და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები ესწრებოდნენ.
წმინდა ილია მართლის ხსოვნისადმი მიძღვნილი დღე ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში გაგრძელდა სადაც, საკრებულოს დეპუტატებმა მის ხსოვნას პატივი მიაგეს და უდიდესი საზოგადო მოღვაწისა და წმინდანის საფლავი გვირგვინით შეამკეს.