თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი და განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილი „რედისონ ბლუ ივერიაში“ გამართულ ფესტივალ „ღამის სერენადების“ დასკვნით საქველმოქმედო კონცერტს, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად დაესწრნენ.
2015 წელს თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მხარდაჭერით, „ღამის სერენადებს“ თბილისი-ბათუმის საერთაშორისო ფესტივალის სტატუსი მიენიჭა და წელს პირველად, 25 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე მე-7 ფესტივალს ბათუმთან ერთად თბილისმაც უმასპინძლა.
თამარ ტალიაშვილის ინიციატივით, ფესტივალის „ღამის სერენადები“ თბილისში გამართვის საკითხი განათლებისა და კულტურის კომისიის სხდომაზე განიხილეს, სადაც პროექტმა დიდი მხარდაჭერა დაიმსახურა.
საფესტივალო საღამოები ბათუმში 25, 26, 28 და 30 აგვისტოს ჩატარდა, ხოლო 2 და 3 სექტემბერს კონცერტები თბილისში, კონსერვატორიის დიდ დარბაზში გაიმართა.
4 სექტემბერს სასტუმრო „რედისონ ბლუ, ივერიაში“ გამართულ დასკვნით საქველმოქმედო კონცერტიდან შემოსული თანხა, ლიანა ისაკაძისა და ანსამბლ „ვირტუოზების“ სურვილით, „საქართველოს სოლიდარობის ფონდს“ ონკოლოგიური სენით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად გადაერიცხება.
ღონისძიებაში მონაწილეობდა საერთაშორისო კამერული ანსამბლი „ვირტუოზები“ - სოლისტი: ლიანა ისაკაძე - ვიოლინო, დენის შაპოვალოვი - ჩელო, დირიჟორი მუჰაი ტანგი. კონცერტზე შესრულდა შუბერტისა და ბრამსის ნაწარმოებები.
თბილისის საკრებულოსთან ერთად ფესტივალის მთავარი პარტნიორები არიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, თბილისისა და ბათუმის მერია ასევე თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრი.