თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიამ თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურისა და მის მმართველობაში არსებული ,,ა.ა.ი.პ. თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს” 6 თვის ანგარიში მოისმინა.
კომისიის მიერ ანგარიშის გამოთხოვნის მიზანს თბილისის 2015 წლის ბიუჯეტით განსაზღვრული პროგრამების შესრულების პროცესის განხილვა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება წარმოადგენდა.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
კომისიის წევრების კითხვები ახალგაზრდულ ოლიმპიადასა და სპორტულ-გასართობი ინფრასტრუქტურის მოწყობას უკავშირდებოდა, რომელიც სპეციალური საჭიროების მქონე პირებისთვის იქნება ადაპტირებული.
სხდომაზე დეპუტატებმა ასევე იმსჯელეს სოციალურად დაუცველი სტუდენტების უნივერსიტეტში სწავლის დაფინანსების კრიტერიუმებზე.
ამავე კომისიის სხდომაზე, ,,ა.ა.ი.პ. თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს’’ მიერ წარმოდგენილ ანგარიშში დეტალურად იყო ასახული მშენებლობის რა ეტაპზე იმყოფება ბაგა-ბაღების შენობები.
სხდომაზე მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენდა 2015-2016 სასწავლო წლისთვის თბილისის მუნიციპალურ ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაციის პროცესი და მასთან დაკავშირებული ტექნიკური დეტალები.
„გასული 10 თვის განმავლობაში ძალიან სწრაფი და ეფექტიანი მუშაობის შედეგად, წინა წელთან შედარებით, თბილისის საბავშვო ბაღები ნაცვლად 49 700 ბავშვისა, მიიღებს 55 000-ზემეტ აღსაზრდელს. ამას დაემატება აგრეთვე ოთხი ახალი საბავშვო ბაღი, რომელიც ექსპლუატაციაში იანვრისთვის შევა და უზრუნველყოფს ვაკანტური ადგილების გაზრდას,“ - განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.
სხდომის დასასრულს, წარმოდგენილი ანგარიშები კომისიის თავმჯდომარემ - თამარ ტალიაშვილმა შეაჯამა და აღნიშნა, რომ კომისიის სამდივნო რეკომენდაციებს შეისწავლის და მერიის შესაბამის სამსახურსა და სააგენტოს მუშაობის კოორდინირებულად და ეფექტიანად წარმართვის მიზნით გადაუგზავნის. ასევე, თამარ ტალიაშვილის ინიციატივით, უახლოეს მომავალში კომისია ევროპის ახალგაზრდული ცენტრისა და ტექნოლოგიური განვითარების ცენტრის ანგარიშების გამოთხოვნასა და საჯარო განხილვას უზრუნველყოფს.
კომისიის სხდომას, დეპუტატებთან ერთად განათლებისა და კულტურის კომისიასთან არსებული სათათბირო ორგანოს წევრები ესწრებოდნენ და მათ საშუალება მიეცათ კითხვა-პასუხის რეჟიმში დეტალური ინფორმაცია მიეღოთ თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქალაქო სამსახურის უფროსისა და ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელისგან.