თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარის თამარ ტალიაშვილის მხარდაჭერით, ქართულმა დამოუკიდებელმა თეატრალურმა ჯგუფმა „შენი თეატრი“ პრაღის დამოუკიდებელი და სამოყვარულო თეატრების რიგით მე-17 საერთაშორისო ფესტივალში “Apostrof”-ში მიიღო მონაწილეობა და ფესტივალის გამარჯვებული გახდა.
სტუდენტებმა ფესტივალზე ფრანც კაფკას „მეტამორფოზა“ წარადგინეს, რომლის რეჟისორიც არის თეატრალური უნივერსიტეტის მე-3 კურსის სტუდენტი - გიორგი მაჭარაშვილი.
წარმატების მიღწევისა და გამარჯვების მისალოცად, თამარ ტალიაშვილი საკრებულოს თავმჯდომარესთან - გიორგი ალიბეგაშვილთან ერთად, კიდევ ერთხელ სტუდენტებს შეხვდა.
შეხვედრაზე გიორგი ალიბეგაშვილმა და თამარ ტალიაშვილმა ქალაქის კულტურულ-შემოქმედებით ცხოვრებაში ახალგაზრდების აქტიური ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და საკრებულოს ინიციატივით დაარსებული ლიტერატურისა და ხელოვნების კონკურს „თბილისის“ შესახებ სტუდენტებს ინფორმაცია მიაწოდეს.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის და დეპუტატ თამარ ტალიაშვილის განმარტებით, თეატრალური ფესტივალის სტუდენტობას უდავოდ დააინტერესებს ლიტერატურისა და ხელოვნების კონკურსი "თბილისი", რომელიც საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის ინიციატივით, წელს პირველად ტარდება და მიზნად ისახავს კულტურული ცხოვრების გამრავალფეროვნებას. კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს: ლიტერატურის, ფერწერის, არქიტექტურის, სკულპტურის, სიმღერის და ფოტოგრაფიის დარგში მოღვაწე შემოქმედთა აქტივობას, ინტელექტუალური პოტენციალის გამოვლენას, ჯანსაღი კონკურენტული გარემოს შექმნას, საზოგადოებაში სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას, ეროვნული და საკაცობრიო ღირებულებების დანერგვას. ამდენად, სტუდენტობას ამ კონკურსის საშუალებით შემოქმედებითი შესაძლებლობის მაქსიმალური რეალიზება შეუძლია.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს სხვა სახელოვნებო თუ ლიტერატურული ინიციატივები, რომელთაც აქტიურად ატარებს საკრებულო თბილისის კულტურული ცხოვრების მრავალფეროვნების შეძენისთვის. აგრეთვე, ის შესაძლებლობები, რომელთაც ახალგაზრდებს საკრებულო და თბილისის თვითმმართველობა ამ მიმართულებით თავაზობს.
თამარ ტალიაშვილმა, როგორც საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ, შემოქმედებითად აქტიურ სტუდენტებს, კომპეტენციის ფარგლებში, მაქსიმალური მხარდაჭერა გამოუცხადა.