თამარ ტალიაშვილმა, თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ, საქართველოს მწერალთა სახლში ლიტერატურული და მთარგმნელობითი კონკურსის დაჯილდოებაში მიიღო მონაწილეობა და ნომინაციაში გამარჯვებული გამოაცხადა.
თამარ ტალიაშვილმა ლიტერატურაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის მაყვალა მრევლიშვილის სახელობის პრემია აზა ბასლანძეს გადასცა, ხოლო ახალგაზრდა შემოქმედებს წარმატებები უსურვა და საკრებულოს მიერ გამოცხადებული ლიტერატურისა და ხელოვნების კონკურსის „თბილისი“ შესახებ ინფორმაცია მიაწოდა:
„მსურს გამოვიყენო ეს ინტელექტუალურ-შემოქმედებითი გარემო და ავტორებს მოვუწოდო განათლებისა და კულტურის კომისიის ინიციატივითა და საკრებულოს ეგიდით გამოცხადებულ ლიტერატურისა და ხელოვნების კონკურში “თბილისი“ აქტიური ჩართვისკენ. ეს არის უპრეცედენტო კონკურსი თავისი ფართო სპექტრითა და ნომინაციების სიმრავლით“.
თამარ ტალიაშვილმა ასევე ისაუბრა თანამედროვე ტექნოლოგიურ და ციფრულ ეპოქაში წიგნიერების მნიშვნელობაზე. შემოქმედებითი საზოგადოების მხარდასაჭერად, მისი თქმით, თბილისის საკრებულომ აღადგინა ლიტერატურული ჟურნალი „ცისკარი“.
საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირის ლიტერატურული კონკურსი ყოველწლიურად 2009 წლიდან იმართება თბილისის საკრებულოს მხარდაჭერითა და მერიის ხელშეწყობით. კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრდა შემოქმედთა გამოვლენასა და პოპულარიზაციას. პროზის, პოეზიისა და თარგმანის გამარჯვებულ ავტორებს გადაეცემათ გურამ რჩეულიშვილის, ნიკოლოზ ბარათაშვილისა და ჯემალ აჯიაშვილის სახელობის პრემიები. აგრეთვე, გამარჯვებულ შემოქმედთა ნაწარმოებები დაიბეჭდება ჟურნალ „ცისკარსა“ და „ქართულ სიტყვაში“.
წელს კონკურსში 200-მდე შემოქმედმა მიიღო მონაწილეობა, რომელთა ნამუშევრები შეაფასა კომპეტენტურმა ჟიურიმ - რევაზ მიშველაძემ, ჯანსუღ ჩარკვიანმა და ამირან გომართელმა.