განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ, თინათინ ნიბლოშვილმა თბილისის საკრებულოს ისტორიულ შენობაში პროექტის Film Scouts Georgia გადასაღებ ჯგუფს უმასპინძლა.
პროექტს, რომელიც საქართველოში კინოწარმოების განვითარების ხელშეწყობას ისახავს მიზნად, კომპანია ვიდეოდრომი USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრისა და სსიპ „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით ახორციელებს.
პროექტის Film Scouts Georgia იდეა გულისხმობს საქართველოში არსებული გადასაღები ადგილების მოძიებას და მათი ფოტო/ვიდეო მასალის საჯარო კატალოგში განთავსებას. პროექტის მიზანია, რომ ონლაინ კატალოგის მეშვეობით, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო კინოკომპანიებს მიაწოდოს ინფორმაცია საქართველოს ისეთი ადგილებისა და შენობების შესახებ, რომლებიც კინოინდუსტრიისთვის საინტერესო იქნება.
განათლებისა და კულტურის კომისიისა და კომპანიის თანამშრომლობის შედეგად, კომისიამ მოამზადა გადასაღებად საინტერესო დედაქალაქის მუნიციპალური კულტურულ-საგანმანათლებლო ობიექტების სია, შედეგად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ისტორიული შენობასთან ერთად, 20-მდე ობიექტის გადაღება მოხდება.
პროექტის Film Scouts Georgia ფარგლებში, დაახლოებით 2000-2500 ობიექტის გადაღება და მასალის ონლაინ კატალოგში განთავსება განხორციელდება.