თბილისის საკრებულოში განათლებისა და კულტურის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს 2020 წლის საქმიანობის ანგარიში მოისმინეს და 2021 წლის სამოქმედო გეგმა განიხილეს. დეპუტატების შეკითხვებს სააგენტოს დირექტორის მოადგილე ირაკლი თურმანიძემ უპასუხა.
ბაღების სააგენტოს მიერ წარმოდგენილი ანგარიში მოიცავდა ინფრასტრუქტურულ და სოციალურ საკითხებს, ბავშვთა უსაფრთხოებას, მეთოდოლოგიურ და პროფესიულ განვითარებას; როგორც სხდომაზე აღინიშნა, 2020 წელს ექსპლოატაციაში შევიდა 4 ბაღის ახალი შენობა, ასევე გრძელდება კიდევ 4 ახალი ბაღის მშენებლობა და სხვა მასშტაბური სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები; ამასთანავე, ბავშვთა უსაფრთხოებისთვის 38 საბავშვო ბაღში მოხდა ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემების მონტაჟი, რითაც თბილისის მასშტაბით ყველა ბაღის აღჭურვის სამუშაოები დასრულდა.
ასევე, შეუფერხებლად გრძელდება, თბილისის მერის კახა კალაძის ინიციატივით ყოველ ორ კვირაში აღსაზრდელებისთვის საკვები პროდუქტების გაცემა, რათა ბავშვები უზრუნველყოფილნი იყვნენ აუცილებელი საკვები კალორაჟით.
სხდომაზე დეპუტატებმა ყურადღება გამახვილეს ბაღებში საკვები პროდუქტების გაცემის პროცესსა და ხარისხზე, აღსაზრდელთა და პერსონალის უსაფრთხოებისთვის კოვიდ პრევენციულ რეგულაციებზე და აღსაზრდელთა სასკოლო მზაობაზე.
ინფრასტრუქტურის ნაწილში დეპუტატები დაინტერესდნენ, თუ რომელი პროექტები განხორციელდება მიმდინარე წელს და რამდენი ახალი საბავშვო ბაღი შევა ექსპლოატაციაში.
სხდომაზე, რომელიც კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, დეპუტატებმა წარმოდგენილი ანგარიში და დაგეგმილი ღონისძიებები დადებითად შეაფასეს.