თამარ ტალიაშვილმა ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო.
მუზეუმში წმინდა მღვდელმოწამე კირიონ II-ის მოსახსენიებელი პარაკლისი აღევლინა, შესრულდა საგალობლები ვოკალური ანსამბლის „შავლეგოს“ მიერ. ღონისძიების ფარგლებში ასევე, გაიმართა საჯარო ლექცია ილია ჭავჭავაძისა და კირიონ II-ის წვლილზე ავტოკეფალიის აღდგენაში.
თამარ ტალიაშვილის თქმით, მომავალმა თაობამ უნდა გაითავისოს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის საქმეში ჩვენი მამულიშვილების როლი.
„სწორედ ამიტომ, ნიშანდობლივია ილია ჭავჭავაძის მუზეუმში ავტოკეფალიის აღდგენის აღნიშვნა. განუზომლად დიდია საქართველოს წინაშე ილია ჭავჭავაძისა და კირიონ II-ის თანაზიარი საქმიანობა, რომელიც ღირსეულად დაგვირგვინდა ილია მეორის დაუღალავი მოღვაწეობით, როდესაც 1990 წელს მსოფლიო საპატრიარქომ ოფიციალურად ცნო საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიურობა. დღეს ჩვენ ბედნიერები ვართ, რომ აღვნიშნავთ წმიდა მღვდელმოწამე კირიონ II-ის დაბადებიდან 160-ე წლისთავს და ჩვენი ეკლესიის დამოუკიდებლობის დღეს“ - განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.
ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმი თბილისის მუნიციპალურ დაქვემდებარებაშია. აქ დაცულია ილიას ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი უნიკალური მასალა. ასევე, მუზეუმი აქტიურად ახორციელებს კვლევით საქმიანობას და აწყობს საჯარო ღონისძიებებს.