თბილისის საკრებულოში განათლების და კულტურის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დედაქალაქის კულტურის სტრატეგიის დოკუმენტის შემუშავების მიზნით განხორციელებული საქმიანობის შესახებ ანგარიში განიხილეს.
სხდომა კომისიის თავმჯდომარემ თამარ ტალიაშვილმა გახსნა, რომელმაც მოკლედ მიმოიხილა ის სამუშაო პროცესები, რაც უკვე განხორციელდა დედაქალაქის კულტურის სტრატეგიის დოკუმენტის შემუშავებისთის. მისი თქმით, განათლების და კულტურის კომისიამ მთელი რიგი ინიციატივები და ღონისძიებები ჩაატარა ამ მიმართულებით და დედაქალაქს ძალიან მალე ექნება კულტურის პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტი. დეპუტატმა ხაზი გაუსვა თბილისის მერის კახა კალაძის წვლილს თბილისის კულტურული ცხოვრების ახალი ტემპის შემატებისთვის, მადლობა გადაუხადა მერის მოადგილეს სოფიო ხუნწარიას ამ პროცესებში აქტიური ჩართვისა და მხარდაჭერისთვის.
სხდომაზე კვლევის მეთოდოლოგიისა და ეტაპების შესახებ ინფორმაცია წარმოადგინა ტენდერში გამარჯვებული კომპანიის წარმომადგენელმა. მისი თქმით, აღნიშნული კვლევა მოიცავს, როგორც მოსახლეობის, ასევე კულტურის სფეროში მოღვაწე ორგანიზაციებისა და დარგის სხვა წარმომადგენლების გამოკითხვას.
კვლევის შედეგები შემდგომში საფუძვლად დაედება დედაქალაქის კულტურის სტრატეგიას, რომლის შემუშავებაში და იმპლემენტაციაში ჩართულნი იქნებიან სხვადასხვა დაინტერესებული მხარეები.
შეხვედრას, რომელსაც დეპუტატების გარდა, კულტურის სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ, კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. გამოითქვა ინიციატივა კულტურის სფეროსა და კერძო ბიზნესის წარმომადგენლების ერთობლივი ფორუმის ჩატარების შესახებ.