თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში განათლებისა და კულტურის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა აიპ “თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მიერ 3-8 მარტს ქალთა კვირეულის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებები განიხილეს.
წარმოდგენილი პროექტის თანახმად, კვირეული 3 მარტს მთაწმინდის პარკში დაგეგმილი კონცერტით გაიხსნება, რომელშიც მონაწილეობას ცნობილი მომღერალი ქალბატონები შვილებთან ერთად მიიღებენ.
ღონისძიებას ფონდ “იავნანას” საქველმოქმედო ტელე-მარათონი “ნინო ქათამაძე და მეგობრები” გააგრძელებს, რომელიც თბილისის საკონცერტო დარბაზში გაიმართება.
კვირეულის ფარგლებში ასევე დაგეგმილია მხატვარ ქალთა გამოფენის მოწყობა.
3 მარტს სამეფო უბნის თეატრში წარმოდგენილი იქნება ლიტერატურულ-მუსიკალური პერფომანსი ,,მე რომ ახლა ხელი შემახოს აწმყომ’’, რომელშიც მონაწილეობას პიანისტი ნანა ავალიშვილი და ცნობილი მსახიობები, მათ შორის მაკა შალიკაშვილი და ვახტანგ ახალაძე მიიღებენ.
აღნიშნული ღონისძიებების ბენეფიციარები სოციალურად დაუცველი ქალბატონები, მრავალშვილიანი დედები, მოხუცთა თავშესაფრის მკვიდრნი და პრობაციონერი ქალბატონები იქნებიან.
დეპუტატებმა წარმოდგენილ პროექტებს დადებითი რეკომენდაცია მისცეს და მათ უახლოეს ბიუროს სხდომაზე გატანას დაუჭირეს მხარი.