თბილისში კიდევ ერთი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყო. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ თამარ ტალიაშვილმა, დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ და ბაგა-ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელმა თემურ თორდინავამ ისნის რაიონში მდებარე ბაგა - ბაღის მშენებლობა პირადად დაათვალიერეს და შენობის საძირკველში სიმბოლური კაფსულა მოათავსეს.
როგორც თამარ ტალიაშვილმა აღნიშნა, დედაქალაქის მთავრობა სკოლამდელ განათლებაში უპრეცედენტო ინვესტიციას ახორციელებს, რაც თბილისში მაცხოვრებელი ოჯახებისთვის სოციალურ და ეკონომიკურ მხარდაჭერას გულისხმობს.
,,ბავშვის ბაგა-ბაღში მიყვანა არ არის მხოლოდ საგანმანათლებლო საკითხი, ეს არის სერიოზული სოციალურ - ეკონომიკური მხარდაჭერა იმ ოჯახებისთვის, რომლებსაც სხვადასხვა გარემოებების გამო არ აქვთ საშუალება კერძო ბაღში მიიყვანონ ბავშვი. ამიტომ ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც ქალაქში განხორციელდება“,- განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.
ახალი ორსართულიანი საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობა ონაშვილის ქუჩა #1-ში, ყოფილი 37-ე საბავშო ბაგა-ბაღის ტერიტორიაზე დაიწყო. ბავშვებისათვის დაგეგმილია გასართობი ატრაქციონების მოწყობა. გამწვანდება ეზო და შენობა ადაპრირებული იქნება შშმ ბავშვებისთვის.
როგორც დედაქალაქის მერმა განაცხადა, საბავშვო ბაგა-ბაღში აღსაზრდელთა 12 ჯგუფი გაიხსნება, სადაც 450-მდე ბავშვი შეძლებს სკოლამდელი განათლების მიღებას. ასვე დასაქმდება 75-მდე ადამიანი. მისივე თქმით, აღნიშნული ბაგა-ბაღი ექსპლუატაციაში 2015 წლის ბოლოსთვის შევა.