თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში განათლებისა და კულტურის კომისიის სხდომა გაიმართა. სხდომის დასაწყისში კომისიის წევრებთან შეთანხმებით კომისიის თავმჯდომარემ რეკომენდაციით მიმართა ააიპ ”თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრის” ხელმძღვანელს ზურაბ წერეთელს, მოსთხოვოს ანგარიში 12 თებერვალს პაატა პურჭულაძის 60 წლისადმი მიძღვნილ საიუბილეო კონცერტის ორგანიზატორებს და წარუდგინოს კომისიას.
“12 თებერვალს გამართული კონცერტის მსვლელობა - ორგანიზებასთან დაკავშირებით დამსწრე საზოგადოებაში გარკვეული კითხვები გაჩნდა, შესაბამისად წინადადებით მივმართეთ მერიას, რათა გაგვაცნოს კონცერტის ორგანიზატორების ანგარიში ღონისძიებასთან დაკავშირებით“,-განაცხადა თამარ ტალიაშვილმა და მსოფლიო ბანს კიდევ ერთხელ მიულოცა იუბილე.
დღევანდელ სხდომაზე დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული სამი საკითხი განიხილეს.
წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებმა აიპ “თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრის ”მიერ წარმოდგენილ პროექტზე იმსჯელეს, რომელიც ქართული ბენდის “ეგარის” ლატვიაში გასტროლის ფარგლებში მგზავრობის ხარჯების ანაზღაურებას ეხებოდა. როგორც კულტურული ღონისძიებების ცენტრის ხელმძღვანელმა ზურაბ წერეთელმა აღნიშნა, ლატვიაში დაგეგმილია სამი კონცერტი, სადაც პარალელურად მოხდება ქართული ტრადიციული ქვევრის ღვინის პრეზენტაცია და დეგუსტაცია. მისივე თქმით, აღნიშნული ღონისძიებები კიდევ ერთხელ გაუსვამს ხაზს საქართველოს მრავალსაუკუნოვან ტრადიციებს და კიდევ უფრო დაახლოებს ორ ქვეყანას.
დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები თბილისის თოჯინების მუზეუმის კეთილმოწყობასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებებსა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ხელშეწყობას მოიცავდა. კომისიის წევრებმა პროექტებს დადებითი რეკომენდაცია მისცეს. აღნიშნული საკითხები ბიუროს უახლოეს სხდომაზე გავა.