თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში განათლებისა და კულტურის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დღის წესრიგით გათვალისწინებული რამდენიმე საკითხი განიხილეს.
სხდომაზე “თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრის” ხელმძღვანელმა ზურაბ წერეთელმა დეპუტატებს რამდენიმე პროექტი დეტალურად წარმოუდგინა და დადებითი რეკომენდაციის თხოვნით მიმართა. .
აიპ “თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრის” მიერ წარმოდგენილი იქნა ორი პროექტი.
პირველი პროექტი ეხება ბერი ანდრიას სახელობის ფონდის საქველმოქმედო ღონისძიების დაფინანსებას ,რომლის მიზანიც სოლიდური სიმსივნით დაავადებული ბავშვების დახმარებაა. კონცერტში მონაწილეობას ცნობილი ქართველი მომღერლები მიიღებენ და მიღებული შემოსავალი სრულად ფონდის მზრუნველობის ქვეშ მყოფ ბავშვებს მოხმარდება.
მეორე პროექტი რომელზეც დეპუტატებმა იმსჯელეს ეხება მომღერალ დათო ხუჯაძის სოლო კონცერტის თანადაფინანსებას, რომელიც ასევე საქველმოქმედო ხასიათს ატარებს და კონცერტიდან მიღებული შემოსავალი სოლიდარობის ფონდს სრულად გადაეცემა.
ამავე სხდომაზე გამოჩენილი აზერბაიჯანელი მომღერლის, კლასიკოსის, საზოგადო მოღვაწის ბიულ-ბიულ ოღლის ქანდაკების თბილისში, ვახტანგ გორგასლის ქუჩის სკვერში განთავსების შესახებ იმსჯელეს.
კომისიის წევრებმა ზემოთმოყვანილ პროექტებს დადებითი რეკომენდაცია მისცეს და აღნიშნული საკითხები გატანილი იქნება ბიუროს სხდომაზე.