თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე - თამარ ტალიაშვილი "სილქ როუდ ჯგუფის’’ მთავარ იურისტს - ვასილ კენკიშვილს შეხვდა. შეხვედრის მიზანი "პანტომიმის თეატრის’’ შენობასთან დაკავშირებული პრობლემის გადაწყვეტის გზების განხილვა იყო. შეხვედრას ასევე ესწრებოდა თბილისის მერიის კულტურის სამსახურის ხელმძღვანელი - ია მაქაცარია.
ა.(ა).ი.პ პანტომიმის თეატრი დღესდღეობით შენობის გარეშე დარჩენის საფრთხის წინაშე დგას. შენობა, რომელშიც თეატრალური დასი წლების მანძილზე მოღვაწეობდა, პრეზიდენტის განკარგულებით, 2012 წლის 31 აგვისტოს კერძო კომპანიას 1 ლარად გადაეცა.
შეხვედრაზე, თამარ ტალიაშვილმა ხაზი გაუსვა კულტურის სფეროში პანტომიმის თეატრის წვლილსა და მნიშვნელობას და შენობის გადაცემის პროცესში თეატრალური დასის ინტერესების გათვალისწინების აუცილებლობაზე ისაუბრა.
შეხვედრის მონაწილეებმა ერთხმად დააფიქსირეს მზაობა, გაგრძელდეს მუშაობა პანტომიმის თეატრის პრობლემის მოსაგვარებლად.
მიღებულ იქნა გადაწყვეტილება უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის ფორმირების თაობაზე, რომელიც შეიმუშავებს წინადადებებს პანტომიმის თეატრის შენობით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით. ჯგუფის შემადგენლობაში შევლენ, როგორც "პანტომიმის თეატრისა’’ და "სილქ როუდ ჯგუფის’’ წარმომადგენლები, ასევე თბილისის საკრებულოს, მერიისა და სხვა რელევანტური უწყებების დელეგატები.