თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარის თამარ ტალიაშვილის ინიციატივით, ,,თბილისობა 2015’’-ის ფარგლებში კულტურული მეწარმეობის ფესტივალის დასკვნითი გამოფენა თბილისის ისტორიის მუზეუმში „ქარვასლა“-ში გაიმართა.
გამოფენას საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილთან ერთად ქალაქის მერი დავით ნარმანია, საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილი და წარმომადგენლობითი ორგანოს დეპუტატები დაესწრნენ.
კულტურული მეწარმეობის ფესტივალის მიზანი დამთვალიერებლებისა და დედაქალაქის სტუმრებისთვის რეწვის სხვადასხვა დარგების, მათ შორის -მინანქრის, თექის, ხეზე კვეთის კერამიკისა და სხვა მიმართულებისთ პროფესიული ნამუშევრების გაცნობაა.
ფესტივალი სამომავლოდ ახალგაზრდა და დამწყები ოსტატების საქმიანობის ხელშეწყობასა და პოპულარიზაციაზეა ორიენტირებული. „კულტურული მეწარმეობის ფესტივალი მიზნად ტრადიციული რეწვის და დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების დარგში მოქმედი მეწარმეების ხელშეწყობას და მათი საქმიანობის ეკონომიკური ზრდის წყაროდ გარდაქმნას ისახავს, რაც, თავის მხრივ, რეწვის ტრადიციების შენარჩუნებას და დარგის ეკონომიკურ განვითარებას შეუწყობს ხელს“-განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.
ფესტივალზე ორი დღის მანძილზე ოცდაათამდე მეწარმემ გასაყიდად საგანგებოდ შექმნილი ექსპოზიციები წარმოადგინა.
სპეციალურად ღონისძიებისთვის საპოპულარიზაციო მასალა დაიბეჭდა (ბანერები, ტურისტული ბროშურები), რაც ქართველი მეწარმეების პროდუქციის განვითარებასა და მარკეტინგს შეუწყობს ხელს.
კულტურული მეწარმეობის ფესტივალის ფარგლებში მთელი წლის განმავლობაში არა ერთი ტრენინგი და გამოფენა ჩატარდა. მათ შორის, თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარის თამარ ტალიაშვილისა და თურქეთის კულტურის ცენტრის ხელმძღვანელის ზაქარია გულთექინის ორმხრივი შეთანხმების შედეგად, ჩატარდა ვორქ-შოპი ებრუს (წყალზე ხატვა), მინიატურის, კალიგრაფიისა და მოვარაყება-მორთვაში, რომლის პარალელურად ქართველ ხელოვანებს დაინტერესების შემთხვევაში შესაძლებლობა ჰქონდათ, დარეგისტრირებულიყვნენ რვა თვიან უფასო სწავლების კურსებზე, რომლის წარმატებით გავლის შემდეგაც კვალიფიკაციის ასამაღლებლად ერთ თვიან ტრენინგზე თურქეთში გაემგზავრებიან. ამასთან, გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიას, მერიის კულტურის საქალაქო სამსახურსა და ხელოვნების საერთაშორისო ცენტრს შორის, დაფუძნდა საქართველოს ტრადიციული რეწვის ოსტატთა გილდია.
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობისა და ამერიკის შეერთებული შტატების აქტიური მხარდაჭერით კულტურული მეწარმეობის 2 დღიანი ტრენინგი ,,ტრადიციული რეწვის მარკეტინგისა და პროდუქციის განვითარებაში" განხორციელდა.