თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა, განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილთან და ისნის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატ ზურაბ ნეფარიძესთან ერთად, ისანში, ბოგდან ხმელნიცკის ქუჩაზე მდებარე N 109-ე საბავშვო ბაგა-ბაღის შენობის სარეკონსტრუქციო-სარემონტო სამუშაოების შედეგად აღდგენილი ფლიგელი მოინახულა.
გიორგი ალიბეგაშვილმა და დეპუტატებმა ბაგა-ბაღის შენობა დაათვალიერეს და სასწავლო პროცესის მიმდინარეობას გაეცნენ.
ახალი ფლიგელის გახსნის შემდეგ ბაღში აღსაზრდელთა 6 ჯგუფი შეიქმნება, მთლიანობაში კი იგი დამატებით 300-მდე ბავშვის სკოლამდელი განათლებით უზრუნველყოფას შეძლებს.
„სარემონტო სამუშაოები ბაღში უახლოეს ხანებში დასრულდება, რაც აქ შექმნილ მდგომარეობას საგრძნობლად განმუხტავს. წლის ბოლომდე დედაქალაქში კიდევ რამდენიმე თანამედროვე სტანდარტების მქონე ბაგა-ბაღი გაიხსნება. ამით ის ვაკუუმი შეივსება, რაც წინა ხელისუფლების დროს ბაღების დახურვამ გამოიწვია“, - განაცხადა გიორგი ალიბეგაშვილმა.
განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარის თამარ ტალიაშვილის თქმით, N 109-ე ბაგა-ბაღში 17 ივლისს დაწყებული სამშენებლო სამუშაოები მალე დასრულდება. მისივე ინფორმაციით, ისანი ბავშვთა რაოდენობის მხრივ ერთ-ერთ პრობლემურ რაიონად ითვლებოდა, დამატებით ფლიგელების გახსნის შემდეგ კი, ამ ბაღში არსებული მდგომარეობა საგრძნობლად განიტვირთება.
„განათლებისა და კულტურის კომისიის ინიციატივით 2014 სასწავლო წლის დასაწყისისთვის მაჟორიტარ დეპუტატებს ეთხოვათ თავიანთ სამაჟორიტარო რაიონებში თავისუფალი სივრცეების მოძიება, სადაც შესაძლებელი იქნებოდა დამატებითი ჯგუფების შექმნა. სწორედ, კომისიიდან გაგზავნილი ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო 109-ე ბაგა-ბაღში დახურული ფლიგელის სარეკონსტრუქციო-სარემონტო სამუშაოები “, - განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.