ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დღეს, პატარებისთვის საახალწლო ნაძვის ხის ზეიმი გაიმართა. რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარის, გიორგი ალიბეგაშვილის მოწვევით, სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვები ,ახალქალაქის სოფელ ბავრის საჯარო სკოლის მოსწავლეები , საკრებულოს დეპუტატებისა და აპარატის თანამშრომლების ბავშვები ესწრებოდნენ.
დღესვე საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა, საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ტალიაშვილმა კომისიის ინიციატივის ფარგლებში, საკრებულოს დეპუტატებისა და აპარატის თანამშრომლების მიერ შეგროვებული ქართულენოვანი ლიტერატურა ახალქალაქის სოფელ ბავრის საჯარო სკოლის მოსწავლეებს გადასცა.
ამავე ინიციატივის ფარგლებში, საზოგადოება "თამარიონის" განცხადების საფუძველზე, სოფელ ბავრის სკოლის ბიბლიოთეკას წიგნადი ფონდის შესავსებად უსასყიდლოდ გადაეცა თბილისის სხვადასხვა მუნიციპალურ საბიბლიოთეკო ფონდებში დაცული ქართული მხატვრული ლიტერატურა.ტალიაშვილის განმარტებით, ახალქალაქის ბიბლიოთეკას ის წიგნები გადაეცათ, რომლებიც ხელს შეუწყობს ქართული ენის სიწმინდის დაცვას. მისივე თქმით, თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისია მომავალშიც მხარს დაუჭერს ისეთ ინიციატივებს, რომლის მიზანიც წიგნიერების ხელშეწყობა და ქართული ენის სიწმინდის დაცვა იქნება.საკრებულოს თავმჯდომარის გიორგი ალიბეგაშვილის თქმით, დღეს საკრებულოს შენობაში საფუძველი ჩაეყარა უმნიშვნელოვანეს ტრადიციას, რომელიც არაქართულენოვან მოსახლეობაში ქართული ენის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.
საკრებულოს თავმჯდომარის შემდეგ, ბავშვებსა და საკრებულოს დეპუტატებს სიტყვით სოფელ ბავრის საჯარო სკოლის მასწავლებელმა მიმართა. მან საკრებულოს წევრებს დიდი მადლობა გადაუხადა ასეთი მნიშვნელოვანი ინიციატივის განხორციელებისთვის და ბავრის სკოლის ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდის გამდიდრების მნიშვნელობაზე ისაუბრა.