დღეს ფონიჭალაში 230 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაგა-ბაღი გაიხსნა. N81 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება თბილისის მერმა კახა კალაძემ, საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელთან, კახა გვანცელაძესთან ერთად გახსნა. ღონისძიებას თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე და საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილი ესწრებოდნენ.
როგორც გიორგი ტყემალაძემ განაცხადა, რომ თბილისს შემოერთებულ დასახლებას აქამდე საბავშვო ბაღი არ ჰქონდა და ადგილობრივი მოსახლეობა მის გახსნას ითხოვდა.
„ვფიქრობ, რომ აღნიშნული დასახლების მცხოვრებლებისთვის ეს მნიშვნელოვანი და ძალიან საჭირო სიახლეა“ - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
თანამედროვე სტანდარტების საბავშვო ბაღის შენობა უზრუნველყოფილია სახანძრო უსაფრთხოებისა და ვიდეოსამეთვალყურეო სისტემებით, ადაპტირებულია შშმ პირთათვის, დამონტაჟებულია ლაივკამერები, რაც აღსაზრდელების მშობლებს საშუალებას მისცემს თვალი ადევნონ საკვების მზადების პროცესს, სააღმზრდელო ჯგუფებში კი სივრცეები საგანმანათლებლო და ფუნქციური დანიშნულების მიხედვითაა გადანაწილებული.