თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ თამარ ტალიაშვილმა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრთან მიხეილ გიორგაძესა და მევიოლინე ლიანა ისაკაძესთან ერთად კულტურის სამინისტროში ბათუმი-თბილისის საერთაშორისო ფესტივალის „ღამის სერენადები“ შესახებ პრესკონფერენცია გამართა.
2015 წელს თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მხარდაჭერით, „ღამის სერენადებს“ თბილისი-ბათუმის საერთაშორისო ფესტივალის სტატუსი მიენიჭა და წელს პირველად, 25 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე მე-7 ფესტივალს ბათუმთან ერთად თბილისიც უმასპინძლებს.
თამარ ტალიაშვილის ინიციატივით, ფესტივალის „ღამის სერენადები“ თბილისში გამართვის საკითხი განათლებისა და კულტურის კომისიის სხდომაზე გავიდა, სადაც პროექტმა დიდი მხარდაჭერა დაიმსახურა.
ფესტივალი ლიანა ისაკაძის ინიციატივით 2009 წელს აღდგა და მასში მონაწილეობას ლიანა ისაკაძესთან და მის მიერ შექმნილ „მსოფლიო კამერულ ანსამბლ ვირტუოზებთან“ ერთად მსოფლიოში ცნობილი სოლისტები და დირიჟორები მიიღებენ.
საფესტივალო საღამოები ბათუმში 25, 26, 28 და 30 აგვისტოს ჩატარდება, ხოლო 2 და 3 სექტემბერს კონცერტები თბილისში, კონსერვატორიის დიდ დარბაზში გაიმართება. ფესტივალი 4 სექტემბერს სასტუმრო „რედისონ ბლუ, ივერიაში“ დასკვნითი საქველმოქმედო საღამოთი დასრულდება.
კონცერტიდან შემოსული თანხა ლიანა ისაკაძისა და ანსამბლ „ვირტუოზების“ სურვილით, „საქართველოს სოლიდარობის ფონდს“ ონკოლოგიური სენით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად გადაერიცხება.
თბილისის საკრებულოსთან ერთად ფესტივალის მთავარი პარტნიორები არიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, თბილისისა და ბათუმის მერია ასევე თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრი.