თბილისის საკრებულოში განათლებისა და კულტურის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც ლიტერატურისა და ხელოვნების კონკურსის -,,თბილისი’’ დადგენილების შესახებ იმსჯელეს.
როგორც სხდომაზე აღინიშნა, 2018 წლის კონკურსის ნომინაცია თემატიკით - „გააცოცხლე შენი ქალაქის ამბები“ წლის საუკეთესი ესე იქნება. ნამუშევრებს 5 კაციანი ჟიური შეარჩევს, რომელიც სამ საუკეთესო ავტორს გამოავლენს.
განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარის თამარ ტალიაშვილის განცხადებით, კონკურსი ,,თბილისი” დედაქალაქის ისტორიებითა და მათი მხატვრული ისეისტიკის ჟანრში გაცოცხლებით დაინტერესებულ ადამიანებს უპრეცედენტო შესაძლებლობებს აძლევს.
,,ლიტერატურისა და ხელოვნების კონკურსის ,,თბილისი’’- მიზანია, ხელი შეუწყოს ლიტერატურის და ხელოვნების სხვადასხვა დარგში მოღვაწე ადამიანების და ასევე, ნებისმიერი დაინტერესებული პირის შემოქმედებით აქტივობას, ინტელექტუალური და შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენასა და წახალისებას, საზოგადოებაში სამოქალაქო ცნობიერებისა და საქართველოს დედაქალაქის - თბილისის შესახებ ცნობადობის ამაღლებას’’- განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, ასაკობრივი შეზღუდვის გარეშე, რომელმაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში შექმნილი მხოლოდ ერთი ნაწარმოები უნდა წარმოადგინოს.
დაჯილდოების ცერემონია მიმდინარე წლის ბოლომდე გაიმართება, სადაც გამარჯვებულს გადაეცემა ფულადი პრემია.