თბილისის საკრებულოს თამარ მეფის დარბაზში „წლის მკითხველის“ დაჯილდოება და თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების წლის საანგარიშო ღონისძიება გაიმართა.
დაჯილდოება თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების ინიციატივითა და საკრებულოს განათლების და კულტურის კომისიის მხარდაჭერით გაიმართა.
ღონისძიების მთავარი ნაწილი ბიბლიოთეკებისა და მედიათეკების წლის ყველაზე აქტიური მკითხველების, ასევე საბიბლიოთეკო საქმეში შეტანილი წვლილისთვის გაერთიანების თანამშრომელთა სიგელებითა და სამახსოვრო საჩუქრებით დაჯილდოებას დაეთმო.
თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების 15 თანამშრომელი და ყველაზე აქტიური 30 მკითხველი დააჯილდოვეს, რომლებსაც სპეციალური საჩუქრები და დიპლომები გადასცეს.
დღესვე თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების დირექტორმა ნინია მაჭარაშვილმა მოკლე პრეზენტაცია წარმოადგინა და საზოგადოებას წლის განმავლობაში განხორციელებული პროექტები გააცნო.
2023 წელს სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა თბილისის ორ ბიბლიოთეკას. ბიბლიოთეკებისა და მედიათეკების ფილიალებმა ბავშვებისა თუ მოზარდებისთვის განკუთვნილ არაერთ პროექტს უმასპინძლეს.
დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ, მიმართა და ღონისძიების ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა.
„მადლობას ვუხდი ყველას, ვინც მიიღო მონაწილეობა დღევანდელი ღონისძიების ორგანიზებაში. საბიბლიოთეკო სისტემის გამართვა-რეორგანიზება უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა ჩვენი ქვეყნისთვის, განსაკუთრებით მომავალი თაობისთვის. ჩვენს მოქალაქეებს ექნებათ საშუალება გაეცნონ როგორც მხატვრულ, ასევე სპეციალურ და ტექნიკურ ლიტერატურას, თვალი ადევნონ მეცნიერების თანამედროვე მიღწევებს უახლესი ტექნიკური საშუალებების გამოყენებით. ამ უმნიშვნელოვანეს საქმეს უძღვება მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანება სხვადასხვა ორგანიზაციის დახმარებით და თანადგომით, მათ შორის ჩართულია ქალაქ თბილისის მერია და დედაქალაქის საკრებულო“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
დამსწრეებს თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ, კახაბერ ლაბუჩიძემაც, მიმართა და განაცხადა, რომ ღონისძიების მიზანი მკითხველთა წახალისება და წიგნის კითხვის პოპულარიზაციაა.
„პროექტი „წლის მკითხველი“ მეორე წელია ტარდება საკრებულოს განათლების და კულტურის კომისიის მხარდაჭერით და ამ პროექტში სულ უფრო მეტი და მეტი ადამიანი ერთვება. პროექტის მიზანი წიგნის კითხვის პოპულარიზაცია და მკითხველთა წახალისება“, - განაცხადა კახაბერ ლაბუჩიძემ.
ღონისძიებას თბილისის საკრებულოსა და დედაქალაქის მერიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.