თბილისის საკრებულოში მუზეუმების გაერთიანების გენერალურ დირექტორს ნინი სანადირაძეს მოუსმინეს, რომელმაც გაერთიანების 4-წლიანი საქმიანობის ანგარიში განათლებისა და კულტურის კომისიის სხდომის ფორმატში წარმოადგინა.
შეხვედრა მისასალმებელი სიტყვით საკრებულოს თავმჯდომარემ გახსნა. გიორგი ტყემალაძემ თბილისის მუზეუმების გაერთიანების ხელმძღვანელსა და თითოეულ თანამშრომელს ყოველდღიური საქმიანობისა და ძალისხმევისთვის მადლობა გადაუხადა.
,,კულტურული მემკვიდრეობა ეს ჩვენი ქალაქის სავიზიტო ბარათია, რომელსაც განსაკუთრებული გაფრთხილება სჭირდება. ამ ღირებულ ამოცანასთან პირისპირ მდგარ თითოეულ რგოლს საქვეყნო მნიშვნელობის საქმიანობისთვის მადლობას ვუხდი.
აღვნიშნავდი თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის აქტიურ ჩართულობასაც და სასიკეთო პროექტის - ,,თბილისის მუზეუმების კვირეულის“ არსებობას, რომლის ფარგლებშიც სკოლების მოსწავლეებს მაჟორიტარი დეპუტატები სხვადასხვა მუზეუმში ვმასპინძლობთ. თითოეული მოქალაქისთვის მუზეუმების გაერთიანების მენეჯმენტის ეფექტური მუშაობის შედეგად ვიზიტი კიდევ უფრო საინტერესოა. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ მუზეუმებს დიდი ტურისტული პოტენციალიც გააჩნიათ “, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
როგორც საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ აღნიშნა, კომისიის რეკომენდაციას სისტემურ-კომპლექსური მოდერნიზება წარმოადგენდა.
„მუზეუმს, როგორც ხიდს წარსულსა და მომავალს შორის, ყველა დროებაში სჭირდებოდა სწორი მენეჯმენტი. თანამედროვე ტექნოლოგიებისა და გართობის ჭარბი მრავალსახეობის პირობებში კი მას განსაკუთრებით კომპლექსური მართვა სჭირდება.
ჩვენს ხელისუფლებას თბილისის მუზეუმებში საკმაოდ მძიმე მემკვიდრეობა დახვდა. თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის მიერ 2015 წელს ჩატარებულმა კვლევამ და ანალიზმა აჩვენა დიდი აცდენა იმ საუკეთესო მოდელისგან, რომლითაც ევროპული თუ ამერიკული მუზეუმები ზრუნავენ საკუთარ ექსპოზიციებზე, იზიდავენ მნახველს და სამეცნიერო-შემეცნებით, კულტურულ ჰაბებად წარმოგვიდგებიან; თუმცა 2016 წლიდან დღემდე თბილისის მერიამ, მუზეუმების გაერთიანებამ და მისმა ხელმძღვანელობამ ფუნდამენტური რეფორმების გატარება მოახერხეს.
დიდი მადლობა მუზეუმის იმ ყველა ღვაწლმოსილ კურატორსა თუ თანამშრომელს, რომელთა საქმისადმი ერთგულებამაც თბილისში დღემდე შემოგვინახა უნიკალური სახლ-მუზეუმები.“ - განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.
კომისიის წევრებთან ერთად ღონისძიებას თბილისის საკრებულოს დეპუტატები, თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია, მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა ესწრებოდნენ.
წარმოდგენილი ანგარიში თბილისის მუზეუმების გაერთიანების მუშაობის 4 წლის ანგარიშს, განახლებულ ვებგვერდსა და მომდევნო 4 წლის სამუშაო სტრატეგიას მოიცავდა.
პრეზენტაციაზე ასევე წარმოდგენილი იყო მუზეუმების გაერთიანების ახალი, რიგით მეშვიდე გამოცემა - „ილია და თბილისი“ და ასევე სერია „თბილისის“ მეორე წიგნი. სერიის პირველი გამოცემა კი „გალაკტიონი და თბილისი“ იყო.