დღეს, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე და საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე კახა ლაბუჩიძე თბილისის ბავშვთა ფოლკლორული ფესტივალის ორგანიზატორებს და ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლების ხელმძღვანელებს შეხვდნენ. ფესტივალი წელს პირველად გაიმართება. ფესტივალს თბილისის მერია აფინანსებს და საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის მხარდაჭერით გაიმართება. ოქტომბრის ბოლოს და ნოემბრის დასაწყისში და მიზნად ისახავს, თბილისის ბავშვთა ფოლკლორული (კერძო და არა სახელმწიფო დაფინანსების ქვეშ მყოფი) გუნდების მოტივაციას, გააქტიურებას, მათ მიმართ ყურადღებასა და ხელშეწყობას.
შეხვედრის ფარგლებში, ფოლკლორული ფესტივალის დეტალები განიხილეს. აღინიშნა, რომ ფესტივალი მნიშვნელოვნად დააინტერესებს ტურისტებსაც, რადგან საფესტივალო ლოკაციად რიყის ტერიტორია არის მიჩნეული, კონცერტი გაიმართება ღია ცის ქვეშ, სადაც დალაგებული იქნება 300 სკამი და დამსწრე საზოგადოებას დასხდომის საშუალებაც ექნება.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ და განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ კახა ლაბუჩიძემ ბავშვთა ფოლკლორული ფესტივალის ორგანიზატორებს წარმატება უსურვეს და საკრებულოს კომპეტენციის ფარგლებში, სრული მხარდაჭერა აღუთქვეს.
ფესტივალის ორგანიზატორებმა საკრებულოს თავმჯდომარეს და განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარეს ინფორმაცია მიაწოდეს ფესტივალის გეგმებზე, ნომინაციებზე და ჟიურიზე. ფესტივალის ფარგლებში გამოვლინდებიან გამარჯვებულები შემდეგ ნომინაციებში: საუკეთესო გუნდი, სოლისტი, ლოტბარი, დუეტი, აღდგენილი სიმღერა, საუკეთესო ტრიო, ავთენტიკურობის ნიშნით გამორჩეული გუნდი, მგალობელთა გუნდი და ქალაქური ფოლკლორის შემსრულებელი ანსამბლი.
შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ სპეციალურად ფესტივალისთვის შეიქმნება და აქტიურად იმუშავებს სოციალური პლატფორმები. პროექტი ჩაიწერება აუდიო-ვიდეო მატარებლებზე და იქნება პირდაპირი ეთერები სოციალური ქსელების მეშვეობით. ასევე გამოქვეყნდება ფესტივალიდან ფრაგმენტები სოც. ქსელების გვერდებზე.