დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში განათლებისა და კულტურის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა ბიუჯეტით განსაზღვრული პროექტების 6 თვის შესრულების ანგარიში მერის მოადგილის - ნინა ხატისკაცისგან, მერიის კულტურის საქალაქო სამსახურისა და ასევე "ა(ა)იპ თბილისის კულტურულ ღონისძიებათა ცენტრის" ხელმძღვანელებისგან მოისმინეს.
სხდომაზე აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს კითხვებით როგორც საკრებულოს წევრებმა, ასევე მოწვეულმა სტუმრებმა მიმართეს.
მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსმა - ია მაქაცარიამ დეპუტატებს მერიის კულტურისა და საქალაქო სამსახურის მონიტორინგისა და კვლევების განყოფილების მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები დეტალურად წარმოუდგინა.
კვლევა, რომლის საფუძველზეც სამომავლო გეგმები დაისახა, 57 მუნიციპალურ დაქვემდებარებაში არსებულ ორგანიზაციებში ჩატარდა.
ამავე სხდომაზე, თეატრების, მუზეუმების, ბიბლიოთეკების, სახელოვნებო სკოლების, მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლების განვითარებისა და არსებული პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენების მიზნით, არაერთი საინტერესო რეკომენდაცია გამოითქვა.
„ა(ა)იპ თბილისის კულტურულ ღონისძიებათა ცენტრის“ ხელმძღვანელმა - ზურაბ წერეთელმა 6 თვის განმავლობაში განხორციელებული და მიმდინარე პროექტების, ასევე კულტურის სფეროების მიხედვით დახარჯული თანხების პროცენტული გადანაწილების თაობაზე პრეზენტაცია წარმოადგინა.
სხდომის მსვლელობისას კომისიის თავმჯდომარემ - თამარ ტალიაშვილმა მერიის წარმომადგენლებს არაერთი რეკომენდაციით მიმართა.
დეპუტატმა კომისიისა და სათათბირო წევრებისგან მუნიციპალურ დონეზე კულტურის სტრატეგიის დოკუმენტის შემუშავების პროცესის დაჩქარების, მისი დამუშავებისა და მერიაში გადაგზავნისთვის ორგანიზების გაწევის მიზნით, მათი ხედვებისა და რეკომენდაციების წარმოდგენა მოითხოვა.