საკრებულოში განათლებისა და კულტურის კომისიის სხდომა აქტიური დისკუსიის ფონზე წარიმართა.
კომისიამ, სკოლამდელი აღზრდის დასაფინანსებლად, მუნიციპალიტეტის მართვაში არსებული სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ერთ აღსაზრდელზე გათვლილი ვაუჩერით დაფინანსების, რეგისტრაციისა და მიღება-ამორიცხვის წესზე იმსჯელა. სხდომაზე თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორს - თემურ თორდინავას მოუსმინეს.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ თამარ ტალიაშვილმა აღნიშნა, რომ ბაგა-ბაღებში ვაუჩერიზაციისა და რეგისტრაციის წესის მიღება კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია.
„თუ უწინ ბაგა-ბაღებში ყოველწლიური რეგისტრაციის სამართლებრივი ასპექტები მოუწესრიგებელი იყო, დღეს ჩვენ ვმსჯელობთ წესზე, რომელიც ბავშვების ყოველწლიურ რეგისტრაციას სამართლებრივად დაარეგულირებს.
წესში პრიორიტეტულად განსაზღვრულია იმ ოჯახების სოციალური მხარდაჭერა, რომლებიც ყველაზე მეტად საჭიროებენ თანადგომას. შესაბამისად, რეგისტრაციისას, პრიორიტეტი მიენიჭებათ სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფ ოჯახთა ბავშვებს, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს, მათ შორის ჩვილ ბავშვთა სახლის ბენეფიციარებს, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებს და აგრეთვე იმ ოჯახის შვილებს, რომლებიც უკვე სარგებლობენ იმავე ბაღის მომსახურებით“, - განაცხადა თამარ ტალიაშვილმა და განმარტა, რომ ბავშვები, რომელთაც 31 დეკემბრამდე უსრულდებათ 6 წელი, რჩებიან სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების ბენეფიციარებად და ისინი სასკოლო მზაობის პროგრამით გააგრძელებენ სწავლას.
თამარ ტალიაშვილის ინიციატივით, კომისია ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში ტექნიკური ხასიათის შენიშვნებს გადააგზავნის. ამ შენიშვნებით გათვალისწინებულ წესს კომისია საკრებულოს სხდომაზე განსახილველად წარუდგენს.
გარდა ამისა, სხდომაზე, ასევე იმსჯელეს და მხარი დაუჭირეს არქეოლოგიური სარეკომენდაციო საბჭოს შექმნის საკითხს, რომელიც კომისიის წევრებს, მერიის კულტურის საქმეთა საქალაქო სამსახურის წარმომადგენლებმა წარუდგინეს.
2015 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია სრულიად ახალი მუხლი, „კულტურის სფეროს განვითარების ხელშეწყობა“, რომლის ერთ-ერთ პროგრამას თბილისში არქეოლოგიური კვლევების ხელშეწყობა და ტურისტული მარშრუტებისთვის არქეოლოგიური ძეგლების შერჩევა წარმოადგენს.
პროგრამის ეფექტიანად განხორციელების მიზნით, მერიაში არქეოლოგიური სარეკომენდაციო საბჭო იქმნება, რომლის მიზანია ტურისტული მარშუტების გამდიდრება და არქეოლოგიური კვლევების ხელშეწყობა. წარმოდგენილი დადგენილებით, საბჭო 13 წევრისგან შედგება და მასში ჩართული იქნებიან, როგორც თბილისის მერისა და საკრებულოს ასევე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლები. საბჭოს შემადგენლობაში, აგრეთვე იმუშავებენ დარგის ექსპერტები, არქეოლოგები, ხელოვნებათმცოდნეები.
აღნიშნულმა საკითხმა კომისიის წევრებისგან საკრებულოს უახლოეს სხდომაზე განხილვისათვის დადებითი რეკომენდაცია მიიღო.
დღესვე, განათლებისა და კულტურის კომისიის სხდომაზე, მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონის დახურვის შესახებ დადგენილებაზე იმსჯელეს. საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით განაცხადა, რომ დიდუბის პანთეონი დაიხურება, ვინაიდან იქ საზოგადო მოღვაწის დაკრძალვის საშუალება აღარ არის.
„უკვე 2-3 თვეა ახალი, პანთეონისთვის შესაფერისი ადგილის შესარჩევად ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს. იყო საუბარი რამდენიმე ადგილზე, მაგრამ ბოლოს, კომისიამ, ყურადღება ივერიის ღვთისმშობლის მშენებარე ტაძრის შემოგარენზე შეაჩერა. ამ პროცესში ჩართული არიან: სპეციალიტები, სასულიერო პირები, მოქალაქეები, შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები და ვფიქრობთ, რომ უახლოეს მომავალში მიღებულ იქნება გადაწყვეტილებას ახალ პანთეონთან დაკავშირებით“, - განაცხადა გიორგი ალიბეგაშვილმა.
სხდომას, კომისიის წევრების გარდა, თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს, მერიის კულტურის საქმეთა საქალაქო სამსახურისა და საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის წარმომადგენელი - ქეთევან ტომარაძე ესწრებოდნენ.