თბილისის საკრებულოში განათლებისა და კულტურის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე კახა
ლაბუჩიძე უძღვებოდა. კომისიის სხდომას თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე და საკრებულოს უმრავლესობის წევრი გივი ჩხარტიშვილი ესწრებოდნენ.
კომისიის წევრებმა განათლების და კულტურის კომისიაში წარმოდგენილი წერილების საფუძველზე, ცნობილი კომპოზიტორის, თბილისის საპატიო მოქალაქის, საქართველოს სახალხო არტისტის, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატის, ღირსების ორდენის კავალერის გია ყანჩელის, ასევე აკადემიკოსისა და თბილისის საპატიო მოქალაქის ალბერტ თავხელიძის და საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის, ლავრენტ ჩხარტიშვილის მემორიალური დაფების განთავსების შესახებ იმსჯელეს.
როგორც სხდომაზე აღინიშნა, თბილისში, გიორგი ტოვსტონოგოვის №6-ში, 1935-2019 წლებში ცხოვრობდა ცნობილი ქართველი კომპოზიტორი გია ყანჩელი.
„იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ გია ყანჩელი მსოფლიო მნიშვნელობის კომპოზიტორია და მისივე სახელობის ქუჩა გახსნილია ქალაქ თბილისში, მნიშვნელოვანია ორენოვანი მემორიალური დაფის განთავსება. ეს დედაქალაქის ტურიზმის განვითარებისთვისაც უმნიშვნელოვანი მოვლენა იქნება“, - განაცხადა კახა ლაბუჩიძემ.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის გიორგი ტყემალაძის განცხადებით, საკრებულოსთვის დიდი პატივია გია ყანჩელის მემორიალური დაფის განთავსებასთან დაკავშირებული საკითხის განხილვა.
რაც შეეხება აკადემიკოს ალბერტ თავხელიძის მემორიალური დაფის განთავსების საკითხს, დედაქალაქის საკრებულოს თხოვნით მომართა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულმა აკადემიამ. წარმოდგენილი განცხადებით, იაკობ ნიკოლაძის ქ. №8-ში, 2000-2005 წლებში ცხოვრობდა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ყოფილი პრეზიდენტი, ცნობილი ფიზიკოსი, თბილისის საპატიო მოქალაქე, აკადემიკოსი ალბერტ თავხელიძე.
კომისიის სხდომაზე ასევე განიხილეს თბილისის N61-ე საჯარო სკოლის ფასადზე ამავე სკოლის ყოფილი დირექტორის, საქართველოს სახალხო მასწავლებლის, ლავრენტ ჩხარტიშვილის მემორიალური დაფის განთავსების საკითხი.
კომისიის სხდომაზე მემორიალური დაფის განთავსების შესახებ იმსჯელეს, რომელიც უახლოეს მომავალში, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილ სპეციალურ კომისიას გადაეგზავნება.