თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში განათლებისა და კულტურის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს. სხდომას კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილი უძღვებოდა.
კომისიის წევრებმა სხდომაზე მხარი დაუჭირეს თბილისის 77-ე საჯარო სკოლისათვის გრიგოლ კობახიძის, ხოლო 182-ე საჯარო სკოლისთვის აფხაზეთში გმირულად დაღუპული 17 წლის გოგიტა კიკნაძის სახელების მინიჭების საკითხებს.
კომისიის თავმჯდომარის თქმით, საკითხი საჯარო სკოლებისათვის სახელების დაბრუნების შესახებ, 2005 წელს საჯარო სკოლების რეორგანიზაციისას დაშვებული ხარვეზების გამოსწორებაა.
„განათლების სისტემაში 2005 წელს დაწყებული რეორგანიზაციის შედეგად დაზარალდნენ სკოლები, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში ატარებდნენ გამოჩენილი ქართველი მეცნიერებისა და გმირების სახელებს. დღეს კომისიამ თახმობა მისცა ყოფილი V გიმნაზიისთვის, ამჟამად კი თბილისის 77-ე საჯარო სკოლისათვის გამოჩენილი პედაგოგისა და მეცნიერის გრიგოლ კობახიძის სახელის დაბრუნებას, რომელიც მან გიმნაზიის საჯარო სკოლად გარდაქმნის შედეგად დაკარგა. რეორგანიზაცია შეეხო 182-ე საჯარო სკოლასაც, რომელიც აფხაზეთში გმირულად დაღუპული გოგიტა კიკნაძის სახელს ატარებდა, რომელიც ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენოსანია. დღევანდელ სხდომაზე, რომელსაც გარდა სკოლების დირექტორებისა გოგიტა კიკნაძის ოჯახის წარმომადგენელი ესწრებოდა მხარი დავუჭირეთ აღნიშნული საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული გმირის სახელის მინიჭებაზე თანხმობის მიცემას“, - განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.
სხდომაზე ასევე მოიწონეს და მიიღეს ვახტანგ ჭაბუკიანის მემორიალური მუზეუმის ინიციატივა „მუზეუმების ხეივანის“ დაარსების შესახებ, რომელსაც თბილისის ათივე მუნიციპალური მუზეუმის დირექტორი ესწრებოდა.
„ამ ინიციატივაში გაერთიანებულია გარემოს დაცვითი, სახელოვნებო, კულტურული და საგანმანათლებლო თემები.
ჩვენი ინიციატივით თბილისის 2015 წლის ბიუჯეტში სპეციალურად გამოიყო თანხა საჯარო ღია კულტურული სივრცეების მოსაწყობად. ინიციატივის მიხედვით, მუზეუმების პატრონაჟით შეიქმნება ხეივანი, გამწვანდება ტერიტორია, ამ ხეივანში სხვა და სხვა კულტურული ღონისძიებები გაიმართება. აქ იქნება გარემო, რომელიც გააერთიანებს ადამიანებს კულტურის იდეის გარშემო. ეს ძალიან საინტერესო ინიციატივაა, რომელსაც ჩვენ თანხმობა მივეცით“, - განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.
გარდა ამისა, დღესვე განიხილეს განათლებისა და კულტურის კომისიაში შესული განცხადებები, რომლებიც თვითმმართველობაში ახალგაზრდობის ჩართულობის საკითხებსა და საერთაშორისო ფესტივალს „ღამის სერენადებს“ ეხებოდა.
„ეს ფესტივალი ბათუმში იმართება. მქონდა შეხვედრა ლიანა ისაკაძესთან, რომელმაც გამოთქვა სურვილი, ფესტივალის ფარგლებში ღონისძიებების თბილისში ჩატარების შესახებ. იდეამ მოწონება დაიმსახურა და პროექტი წარმატებით იქნა განხილული კომისიის სხდომაზე“, - განაცხადა თამარ ტალიაშვილმა და აღნიშნა, რომ რაც შეეხება ახალგაზრდობის თვითმმარველობაში ჩართულობის საკითხებს, სხდომაზე განიხილეს არასამთავრობო ორგანიზაციის „ადამიანი, კანონი, თავისუფლება“ -ს პროექტი - „ახალგაზრდული თვითმმართთველობა 2015“.
„ეს პროექტი 64 მუნიციპალიტეტში ხორციელდება. მნიშვნელოვანი იქნება ვითანამშრომლოთ და ხელი შევუწყოთ დაინტერესებულ ახალგარდებს, ჩაერთონ საკრებულოს საქმიანობაში და თვითმმართველობის შესახებ მეტი ინფორმაცია მიიღონ “, - განაცხადა ტალიაშვილმა.
კომისიაზე დეპუტატებმა ასევე, იმსჯელეს და მხარი დაუჭირეს თბილისის საერთაშორისო ხელოვნების საფესტივალო ცენტრის დირექტორის თანამდებობაზე დროებით მოვალეობის შემსრულებლად ეკატერინე მაზმიშვილის დანიშვნასა და მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის საშტატო ნუსხის დამტკიცებას.
კომისიის წევრებმა აღნიშნული საკითხები მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის წარმომადგენელსა და განმცხადებლებთან ერთად განიხილეს და ერთობლივად დაუჭირეს მხარი საკრებულოსა და ბიუროს უახლოეს სხდომებზე განხილვას.