თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში განათლებისა და კულტურის კომისიის სხდომა გაიმართა. კომისიის თავმჯდომარემ, - თამარ ტალიაშვილმა კომისიის წევრებს განსახილველად წარუდგინა ორი ინიციატივა. პირველი შეეხებოდა თბილისის ტერიტორიაზე მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლებისა და მემორიალური ობიექტების განთავსების წესის საკითხს. ხოლო მეორე - ლიტერატურისა და ხელოვნების კონკურსის ,,თბილისი“ ჩატარების საკითხს.
თბილისში მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის (ქანდაკების), ობელისკის, მემორიალური დაფის (მემორიალური ობიექტების) განთავსების წესის შექმნის აუცილებლობა განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ - თამარ ტალიაშვილმა 23 იანვარს გამართულ კომისიის სხდომაზე დააყენა, სადაც დეპუტატმა აღნიშნა, რომ ძეგლების შერჩევა უნდა ხორციელდებოდეს კონკურსის წესით. შედეგად, კომისიასა და მერიასთან კოორდინირებული მუშაობით მომზადდა ინიცირებული პროექტი, რომლის მიზანს წარმოადგენს მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის (ქანდაკების), ობელისკის, მემორიალური დაფის (მემორიალური ობიექტების) განთავსების საკითხის სამართლებრივი რეგულაცია.
პროექტის თანახმად, იურიდიულად, ძეგლის განთავსების ინიცირების უფლება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს მიეცემა, მიზანშეწონილობის საკითხს კი თბილისის მერიაში შექმნილი სპეციალური კომისია გადაწყვეტს, რომელშიც გარდა მერიის წარმომადგენლებისა, ჩაერთვებიან თბილისის საკრებულოს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები და დარგობრივი ექსპერტები. კომისიის ნებართვის (თანხმობის) შემდეგ, მერიის ადმინისტრაცია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დაცვით აცხადებს კონკურსს შესაბამისი ობიექტის ესკიზის გამოვლენის მიზნით.
„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, პირველად მოხდება სამართლებრივი დარეგულირება თბილისში ძეგლებისა და მემორიალური ობიექტების განთავსების საკითხის. აუცილებელია კომისიამ მოკლე ვადაში დაიწყოს მუშაობა და რა თქმა უნდა, ეს უნდა განხორციელდეს კოლეგიალური ორგანოს მიერ, რომელშიც ჩართულნი იქნებიან დარგის ექსპერტები. ამ მოდელის მთავარი პრინციპია მაქსიმალური გამჭვირვალობა და დარგობრივი ექსპერტების ჩართულობა, რომელმაც უნდა უპასუხოს საზოგადოებრივ გამოძახილს, ეს განაპირობებს მის წარმატებასა და ეფექტურობას. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპია - მოქალაქეთა მაქსიმალური ჩართულობა თბილისის ცხოვრებაში. გუნდი საქმიანობის გამჭვირვალობის გარანტიას იძლევა“ - აღნიშნა თამარ ტალიაშვილმა.
კომისიამ კიდევ ერთი პროექტის ინიცირების თაობაზე იმსჯელა, კერძოდ, თბილისში, ლიტერატურისა და ხელოვნების კონკურსის „თბილისი“-ს ჩატარების შესახებ. როგორც კონკურსის დადგენილების პროექტშია აღნიშნული, კონკურსი ცხადდება რამდენიმე ნომინაციაში: წლის საუკეთესო პროზა, პოეზია, ფერწერული ნამუშევარი, ქანდაკება, არქიტექტურული ნამუშევარი, სიმღერა, ფოტონამუშევარი, სასკოლო კონკურსი - ესე „ჩემი თბილისი“ და ასევე ჟიურის სპეციალური პრიზი. ნომინაციებში გამარჯვებულებს გამოავლენს 7 წევრისგან შემდგარი კონფიდენციალური ჟიური. დაჯილდოება - თბილისობის ღონისძიების ფარგლებში მოხდება.
გიორგი ალიბეგაშვილის განცხადებით, კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს ლიტერატურის, მუსიკის, მხატვრობის, არქიტექტურისა და ხელოვნების სხვა დარგში მოღვაწე პირების შემოქმედებით აქტივობას.
„ამ კონკურსით გვინდა ჩვენი ქვეყანა უფრო მრავალფეროვნად წარმოვაჩინოთ.ჩვენი დიდი სურვილია, რომ აღნიშნული პროექტი დავამთხვიოთ თბილისობის დღესასწაულს, რათა მან ქალაქს დამატებითი კულტურული ელფერი შესძინოს.
დედაქალაქის საკრებულო დაინტერესებულია, რომ კონკურსი „თბილისი“ საყოველთაო გახდეს. კონკურსის შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობას უზრუნველვყოფთ საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობებთან, აგრეთვე აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობასთან.
კონკურსის გამორჩეული ნაწარმოებები შესაძლოა ჟურნალ „ცისკარში“ დაიბეჭდოს“,-განაცხადა გიორგი ალიბეგაშვილმა.
თამარ ტალიაშვილის განცხადებით კონკურსის ჩატარების საჭიროება განპირობებულია იმ პასუხისმგებლობით, რომელიც მმართველმა გუნდმა საკუთარ თავზე აიღო.
„ჩვენი სურვილია ხელი შეუწყოთ ქართველ შემოქმედებს და ზოგადად, ქართული კულტურის განმავითარებლებს. ამ მიმართულებით, საპრობლემო საკითხთა გადაჭრის მიზნით, ჩვენ ძალიან აქტიურად და კომპლექსურად ვმუშაობთ. პირველი რასაც უზრუნველვყოფთ, ეს არის საავტორო უფლებების დაცულობა, რისთვისაც საკრებულოში რამდენჯერმე შევხვდით საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციას და ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრს. მთავარია, რომ საზოგადოების წევრებს მივცეთ საშუალება, თავიანთი შემოქმედება ყველასთვის ხელმისაწვდომი გახადონ. კონკურსის პირდაპირი მიზანიც სწორედ მათი პოპულარიზაციაა. წარმატება მსურს ვუსურვო ყველა შემოქმედს და ველოდებით მათგან ნამუშევრებს“
სხდომას მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რომლებმაც კომისიის წევრებთან ერთად თბილისში ძეგლების განთავსების წესის ინიცირების პროექტის ყველა პუნქტი დეტალურად განიხილეს. კომისიის წევრებმა წარმოდგენილ ინიცირების პროექტებს ერთხმად დაუჭირეს მხარი.