თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში განათლებისა და კულტურის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე აბრების განთავსებისას სახელმწიფო ენის დაცვასთან დაკავშირებულით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ იმსჯელეს.
კომისიის თავმჯდომარემ თამარ ტალიაშვილმა სხდომაზე ინიციატივა წარადგინა, რომლის თანახმადაც თბილისის მერიას ევალება შეიმუშავოს დამატებითი პროცედურული მექანიზმები, იმისათვის, რომ ადგილობრივ დონეზე უზრუნველყოფილი იყოს გარე რეკლამებსა და აბრებზე სახელმწიფო ენის დაცვასთან დაკავშირებული სამართლებრივი მოთხოვნების ეფექტიანი აღსრულება.
„სიმბოლურია რომ ამ საკითხის განხილვა დედაენის დღეს მიმდინარეობს. გლობალური ვაჭრობის განვითარების პირობებში აუცილებელია მშობლიური ენის დაცვისათვის არსებობდეს მკაფიოდ გაწერილი რეგულაციები. ახალმა ხელისუფლებამ დღის წესრიგში პრიორიტეტულ საკითხად სახელმწიფო ენის დაცვა დააყენა. ამის ნათელი მაგალითია საქართველოს პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტი „სახელმწიფო ენის შესახებ“ , - განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.
საკრებულოს თავმჯდომარის გიორგი ალიბეგაშვილის განცხადებით, სახელმწიფო ენის დაცვა მეტად მნიშვნელოვანი საკითხია და ის სათანადო დამოკიდებულებას საჭიროებს.
სხდომაზე, დედაქალაქში გარე რეკლამებსა და აბრებზე ქართულენოვან წარწერებთან დაკავშირებით არსებული გამოწვევების ეფექტიანად მოგვარების კონკრეტულ ვადებზეც იმსჯელეს.
საკრებულოში გამართულ სხდომას კომისიის წევრები, მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფროსი გეგი ნიჟარაძე, არქიტექტურისა და იურიდიული სამსახურების ხელმძღვანელები, დეკანოზი გიორგი ყიფშიძე, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლები, ასევე, განათლებისა და კულტურის კომისიასთან არსებული სათათბიროს წევრები ესწრებოდნენ.
სხდომაზე კომისიის წევრებმა წარმოდგენილი პროექტის ბიუროზე განხილვას ერთხმად დაუჭირეს მხარი, რომლის შემდეგაც პროექტი გადაიგზავნება თბილისის მერიაში.