თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიამ, თბილისისის მერიის კულტურის საქალაქო სამსახურისა და მის მმართველობაში არსებული ,,ა(ა)იპ თბილისის კულტურულ ღონისძიებათა ცენტრის’’ ანგარიში განიხილა. ანგარიშის განხილვის მიზანი, თბილისის ბიუჯეტის პროგრამების ეფექტიანი ადმინისტრირება და ხარჯვის მიზნობრიობის ანალიზის გაკეთებაა. ანალიზის საფუძველზე მომავალში, შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება იგეგმება. კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსმა, ია მაქაცარიამ ანგარიშის წარდგენისას ადრე არსებული, სისტემური პრობლემების აღმოფხვრისათვის გადადგმულ ქმედით ნაბიჯებზე ისაუბრა. ასევე, წარმოდგენილი იყო ინფორმაცია, საქალაქო სამსახურის რეორგანიზების პროცესისა და თანმდევი სირთულეების შესახებ.
დეპუტატებს, ამავე კომისიაზე, ა(ა)იპ თბილისის კულტურულ ღონისძიებათა ცენტრის თავმჯდომარემ, ზურაბ წერეთელმა უკვე განხორციელებული პროექტების მიზნობრიობის შესახებ ანგარიში წარმოუდგინა. ისაუბრა პროექტების განხილვის პროცესისა და კრიტერიუმების შესახებ, რომელთაგან ერთ-ერთი ბენეფიციართა რაოდენობას ეხება. კომისიის სხდომას, საკრებულოს დეპუტატები და განათლებისა და კულტურის კომისიასთან არსებული სათათბიროს წევრები ესწრებოდნენ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამსახურისა და ცენტრის ხელმძღვანელების მოსმენების შემდეგ ,სხდომა კითხვა–პასუხის რეჟიმში წარიმართა.
დეპუტატებმა მომხსენებლებისგან კონკრეტულ კითხვებზე დეტალური პასუხები მოისმინეს.
თამარ ტალიაშვილმა შეაჯამა წარმოდგენილი ანგარიშები და მომხსენებლებს გაწეული სამუშაოებისთვის მადლობა გადაუხადა.
„წარმოდგენილი ანგარიშები იძლევა კარგ საფუძველს, რომ მოხდეს არსებული ვითარების სიღრმისეული ანალიზი. მათი განხილვა ასევე კარგი წინაპირობაა სამომავლო გეგმების განსაზღვრისა და 2016 წლის ბიუჯეტის პროგრამულად გაწერისათვის. ჩვენ შევთანხმდით, რომ ერთი თვის ვადაში ერთობლივად განვიხილავთ სტრატეგიულ ანალიზს კულტურის მიმართულებით” - განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.
კომისიის თავმჯდომარემ ასევე ხაზი გაუსვა საქართველოს კულტურის პოლიტიკის სტრატეგიის შექმნის პროცესში თბილისის მუნიციპალიტეტსა და კულტურის სამინისტროს შორის კოორდინირებული მუშაობის აუცილებლობას. დღევანდელ სხდომაზევე კომისიამ განიხილა ა(ა)იპ „თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრის“ მიერ წარმოდგენილი პროექტები. მათ შორის, პოეტ თინათინ მღვდლიაშვილის 60 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო და ესპანეთში ქალაქ ლორეტ დე მარში, ანსამბლის „საგალობელი“ საერთაშორისო ფესტივალ-შეჯიბრში „მზე, ზღვა, ფესტივალი“ მონაწილეობის ხელშეწყობის საკითხები.
კომისიის წევრებმა პროექტის ავტორებისგან მიიღეს ამომწურავი პასუხები მიზნობრიობის შესახებ და დადებითი შეფასება მისცეს ბიუროსთან შესათანხმებლად.