თბილისის საკრებულოში განათლებისა და კულტურის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკის გაერთიანების და „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ანგარიშები მოისმინეს.
განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარის თინათინ ნიბლოშვილის განმარტებით, 2021 წელი ქართული ხელოვნებისა და კულტურისთვის წარმატებულია, რადგან თბილისს წიგნის მსოფლიო დედაქალაქის სტატუსი პირველად გადაეცა და პანდემიური ვითარების მიუხედავად, ქვეყანამ ეს შესაძლებლობა ეფექტურად გამოიყენა.
„ის ფაქტი, რომ თბილისი საერთაშორისო კულტურულ რუკაზე წარმატებულად პოზიციონერებს, ეს დიდი გამარჯვებაა, – როგორც ხელმძღვანელობისთვის, ისე ყველა თანამშრომლისა თუ მოქალაქისთვის,“-განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.
„თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ დირექტორმა, ნინო მაჭარაშვილმა სხდომის მონაწილეებს მსოფლიო დედაქალაქის სტატუსის მნიშვნელობასთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა. მისი თქმით, „წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ გულისხმობს საგანმანათლებლო, შემეცნებით და კულტურულ ღონისძიებებს, რაც ხელს უწყობს მწერლობის, საგამომცემლო საქმიანობის განვითარებას, საერთაშორისო პროექტების მიმოცვლას. მისივე თქმით, 2022 წლის 23 აპრილამდე, ვიდრე თბილისს ექნება წიგნის მსოფლიო დედაქალაქის სტატუსი, ეს პლატფორმა მაქსიმალურად არის გამოსაყენებელი. ნინო მაჭარაშვილმა იმ პროექტების შესახებ ისაუბრა, რომლებიც თბილისის, როგორც წიგნის მსოფლიო დედაქალაქის ფარგლებში 2021 წელს განხორციელდა. მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია 14 აპრილს, სახელმწიფო ენის დღესთან დაკავშირებით გამართული ღონისძიებები, რომლის ფარგლებშიც ამ დღის ისტორიის შესახებ ფილმი გაკეთდა და გამომცემლებთან შეხვედრა გაიმართა. ასევე, განხორციელებულ პროექტებს შორისაა სარეზიდენციო პროგრამა, ილუსტრაციების ფესტივალი, მოსწავლეებთან შეხვედრები, კონკურსი მთარგმნელების , გამომცემლების და მწერლებისთვის, თბილისური ეზოს რამდენიმე ღონისძიება, საქართველოს პირველი რესპუბლიკის შესახებ ონლაინ ფესტივალი, თბილისის საჯარო სკოლების ბიბლიოთეკების განახლება, თბილისის წიგნის ფესტივალი და მიმდინარე პროექტი თბილისის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი.
განათლების და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ თინათინ ნიბლოშვილმა „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ დირექტორს, ნინო მაჭარაშვილს ამომწურავი და საინტერესო პრეზენტაციისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების პირობებში ღონისძიებები მაქსიმალურად ეფექტიანად ჩატარდა.
კომისიის სხდომაზე თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ზურაბ წერეთელმა ბიბლიოთეკების გაერთიანების აქტივობებზე ისაუბრა. განსაკუთრებული ხაზგასმით კი აღნიშნა ინფრასტრუქტურული და სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები. ზურაბ წერეთლის განმარტებით, გაერთიანების ყველა ფილიალი აღიჭურვა კომპიუტერებითა და პრინტერებით; წიგნადი ფონდი შეივსო ხუთი ათასზე მეტი ეგზემპლარით, მოეწყო ელექტროგაყვანილობის ახალი სისტემა, მოწესრიგდა კონდიცირება, თანამედროვე სტანდარტებით რეაბილიტირდა ვაკის და ვარკეთილის მედიათეკები.
განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარის თინათინ ნიბლოშვილის განცხადებით, თბილისის მუნიციპალიტეტმა, თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანება 2018 წლის 18 აპრილს დააფუძნა, რაც მიზნად ისახავდა ქალაქში საბიბლიოთეკო საქმიანობის ერთი მენეჯმენტის ქვეშ მოქცევას და მის ეფექტიან მართვას. მისივე განმარტებით, თბილისის მუნიციპალიტეტი დიდ ყურადღებას აქცევს ინფრასტრუქტურულ ნაწილს, რომელიც მოიცავს ბიბლიოთეკების განახლებას, რეაბილიტაციას, რემონტს; ასევე, თანამედროვე ტექნოლოგიების ინტეგრირებას, საერთაშორისო ავტორების გაცვლით ღონისძიებებს, მწერლების ქალაქ თბილისში მოწვევას.
განათლების და კულტურის კომისიის წევრებმა ანგარიშები ცნობის სახით მიიღეს.