თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დედაქალაქში ენის სიწმინდის დაცვასთან დაკავშირებული პრობლემები და წინადადებები განიხილეს.
როგორც განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ თამარ ტალიაშვილმა აღნიშნა, ახალი ხელისუფლების მიერ ერთ-ერთ პრიორიტეტად ქართული ენის სიწმინდის დაცვა დასახელდა და ბუნებრივია, ეს პრიორიტეტი დაცული უნდა იყოს დედაქალაქში.
"ახალი ხელისუფლების მიერ ერთ-ერთ პრიორიტეტად ქართული ენის სიწმინდის დაცვა დასახელდა და ბუნებრივია, ეს პრიორიტეტი დაცული უნდა იყოს დედაქალაქში გარე რეკლამებისა და აბრების იერსახის კონტროლისა თუ კულტურულ-საგანმანათლებო ღონისძიებების თვალსაზრისითაც. დღეს განათლებისა და კულტურის კომისია მერიის წარმომადგენლებთან, კომისიასთან არსებულ სათათბიროს წევრებთან და ექსპერტებთან ერთად მსჯელობდა იმ მექანიზმებზე, რომლებიც ქალაქში უნდა დაინერგოს ენის სიწმინდის უზრუნველსაყოფად. ჩვენ დავინახეთ, რომ ერთი მხრივ, მოსაწესრიგებელია სამართლებრივი რეგულაციები ადგილობრივ დონეზე, ხოლო მეორე მხრივ, არსებული ნორმების პრაქტიკაში იმპლემენტაციის ინსტრუმენტები არის შესამუშავებელი. შევთანხმდით საკრებულოსა და მერიაში უახლოეს პერიოდში შეიქმნას საკონსულტაციო ჯგუფები, რომლებიც ადგილობრივ დონეზე ენის სიწმინდის დაცვასთან დაკავშირებული პრობლემების ნორმატიული და პროცედურული გადაჭრის გზებზე იმუშავებენ,"- განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.
როგორც საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა აღნიშნა, გარე რეკლამასთან დაკავშირებით, ქართული ენის სიწმინდის მხრივ მთელი ქვეყნის მასშტაბით არსებობს პრობლემები და თუ მათი მოგვარება დაიწყება თბილისიდან, ეს კარგი მაგალითი იქნება ყველა რეგიონისთვის.
,, ერთხელ და სამუდამოდ ეს პრობლემა უნდა დალაგდეს. რა თქმა უნდა უცხოურ ბრენდებს არ შევუშლით ხელს საკუთარი ლოგო უცხოურ ენაზე წარმოაჩინონ, თუმცა მოვითხოვთ წარწერები ქართულ ენაზეც იყოს შესრულებული“,- განაცხადა გიორგი ალიბეგაშვილმა.
დედაქალაქში ენის სიწმინდის დაცვასთან დაკავშირებიული პრობლემებისა და წინადადებების განხილვას თბილისის მერის მოადგილე ალუდა გოგლიჩიძე, მერიის ეკონომიკური პოლიტიკისა და ს.ს.ი.პ. – არქიტექტურის სამსახურების წარმომადგენლები, არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის ხელმძღვანელი ავთანდილ არაბული, ენათმეცნიერი ლევან ღვინჯილია, ასევე, საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიასთან არსებული სათათბიროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ, მათ თბილისის წარმომადგენლობითი ორგანოს განათლებისა და კულტურის კომისიის ინციატივა დადებითად შეაფასეს და იმ პრიორიტეტებზე ისაუბრეს, რაც ენის სიწმინდის დაცვას შეუწყობს ხელს.