თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიამ, თბილისის საერთაშორისო სკოლის ინიციატივით, X-XI კლასის მოსწავლეებს და სკოლის ადმინისტრაციას უმასპინძლა.
განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ კახა ლაბუჩიძემ მოსწავლეებს საკრებულოს შენობა დაათვალიერებინა და მის როგორც არქიტექტურულ, ისე ისტორიულ მნიშვნელობაზე ესაუბრა. ექსკურსის შემდეგ, კომისიის თავმჯდომარემ დიმიტრი ყიფიანის სახელობის სხდომათა დარბაზში, მოსწავლეებს კომისიის მუშაობის სპეციფიკა გააცნო და მოხსენება პრეზენტაციის ფორმატში წარადგინა.
შეხვედრაზე კახა ლაბუჩიძემ მოსწავლეებს თბილისის მერიის ინოვაციური პლატფორმის „შემოქმედებითი თბილისი“ შესახებ ინფორმაცია მიაწოდა, ასევე ის კულტურულ-შემოქმედებითი პროექტები გააცნო, რომლებიც მედია არტის, დიზაინისა და ხალხური რეწვის განვითარების, საგამომცემლო საქმიანობის და თანამედროვე ვიზუალური ხელოვნების ხელშეწყობას გულისხმობს.
კომისიის თავმჯდომარემ მოსწავლეების შეკითხვებს დეტალურად უპასუხა, თბილისის საერთაშორისო სკოლის მასწავლებლებს - ნინო ნოზაძეს, მაკა წკრიალაშვილსა და მიხეილ ბურჭულაძეს მადლობა გადაუხადა და სამომავლო თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.