თბილისის საკრებულოში განათლებისა და კულტურის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც თბილისის მუზეუმების გაერთიანების გენერალურ დირექტორს, ნინი სანადირაძეს მოუსმინეს.
როგორც კომისიის თავმჯდომარემ თინათინ ნიბლოშვილმა აღნიშნა, მუზეუმების გაერთიანებამ პანდემიური ვითარების მიუხედავად, წარმატებულად და შეუფერხებლად განახორციელა როგორც ინფრასტრუქტურული და სარეაბილიტაციო სამუშაოები, ისე კულტურულ-შემოქმედებითი პროექტები.
თინათინ ნიბლოშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ დედაქალაქის 2022 წლის ბიუჯეტის პროექტი ორიენტირებულია მეტად შეუწყოს ხელი სამუზეუმო საქმეს. მუზეუმების გაერთიანების მიზანია ინსტიტუციური სრულყოფა, საგამოფენო სივრცეებისა და ექსპოზიციების განახლება, საინფორმაციო ბაზებისა და სამეცნიერო მიმართულების მომზადება, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება.
თბილისის 2022 წლის ბიუჯეტში შესაბამისი ასიგნების გაზრდილი ოდენობით გათვალისწინება იმის მანიშნებელია, რომ სამუზეუმო რეფორმისა და მოდერნიზების გზაზე, მუზეუმების გაერთიანებას გაცილებით მეტი რესურსი ექნება ინოვაციური და კულტურულ-შემოქმედებითი პროექტების ჩასატარებლად.
კომისიურ ფორმატში, მუზეუმების გაერთიანების სამუშაო სტრატეგიასა და სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით პრეზენტაცია გაერთიანების დირექტორმა წარმოადგინა.
ნინი სანადირაძემ სამუზეუმო რეფორმასა და იმ გამოწვევებზე ისაუბრა, რომელიც 2021 წელს პანდემიური ვითარების ფონზე წარიმართა. მისი თქმით, გასული წლების მანძილზე რეაბილიტაცია ჩაუტარდა რამდენიმე მუზეუმს, მათ შორის: კოტე და სოსო წერეთლების, ვახტანგ ჭაბუკიანის, ნიკოლოზ ბარათაშვილისა და გალაკტიონ ტაბიძის სახლ-მუზეუმებს. რაც შეეხება ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმს, მისი სამუზეუმო სივრცედ გარდაქმნა 2022 წლის ბოლომდე დასრულდება.
მისივე განმარტებით, მუზეუმების გაერთიანებას აქვს რამდენიმე ძირითადი მიმართულება. ერთი მხრივ, რეაბილიტაცია-რესტავრაციის მიმართულება, რაც თანამედროვე მუზეუმის სტანდარტის შესაბამისად სამუზეუმო სივრცეების მოწყობას გულისხმობს და მეორე მხრივ, სამეცნიერო-კვლევითი მიმართულება, რაც საგამომცემლო საქმის წარმატებით განხორციელებას უზრუნველყოფს. გაერთიანებას ამ დროისთვის 30-მდე მოქმედი საგანმანათლებლო პროგრამა აქვს.
განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ და კომისიის წევრებმა მუზეუმის ხელმძღვანელობას და ყველა იმ თანამშრომელს, კურატორს, რომელთა საქმისადმი ერთგულებამაც თბილისში დღემდე შემოგვინახა უნიკალური სახლ-მუზეუმები, მადლობა გადაუხადეს.
კომისიის წევრებთან ერთად, ანგარიშის მოსმენას თბილისის საკრებულოს დეპუტატები, მუზეუმების გაერთიანების და თბილისის მერიის თანამშრომლები ესწრებოდნენ.