თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის და 300 არაგველის სახელობის თბილისის 75-ე საჯარო სკოლების მოსწავლეებს შეხვდა.
კახა ლაბუჩიძემ მოსწავლეებს დედაქალაქის მერიისა და წარმომადგენლობითი ორგანოს მუშაობის სპეციფიკა, თბილისში გატარებული რეფორმები და ძირითადი პრიორიტეტი დეტალურად გააცნო.
მანვე განათლებისა და კულტურის კომისიის მუშაობის მიმართულებებსა და პრინციპებზე, მათ შორის ბიბლიოთეკების და მედიათეკების, მოსწავლე ახალგაზრდობის სახლებისა და სასახლის, ასევე თბილისის მუზეუმების გაერთიანების, ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს საქმიანობის შესახებ ისაუბრა და სკოლების სახელდებასა და პარტნიორ უწყებებთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმების გაფორმების პროცესის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
მოსწავლეებს სიტყვით საკრებულოს წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ მიმართა, ადგილობრივი თვითმმართველობის ისტორია გააცნო და მათ დედაქალაქის ყოველდღიურ ცხოვრებაში საკრებულოს ისტორიული შენობის მნიშვნელობაზე ესაუბრა.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მოსწავლეები დაინტერესებულები არიან როგორც საკუთარ უფლება-მოვალეობების, ასევე მერიისა და საკრებულოს მუშაობის სპეციფიკის გაცნობით.
აქედან გამომდინარე, შეხვედრის მიზანი სწავლების პროცესში ადგილობრივ თვითმმართველობებში გადაწყვეტილებების მიღების წესების და პროცედურების, ასევე თეორიული საკითხების გაცნობაა.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა, სადაც კახა ლაბუჩიძემ და ვლადიმერ ბოჟაძემ მოსწავლეების შეკითხვებს უპასუხეს.