თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე კახა ლაბუჩიძე, თბილისის მუნიციპალიტეტის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების დირექტორთან, ნინია მაჭარაშვილთან ერთად, დიღმის მასივსა და გლდანის რაიონში მდებარე ბიბლიოთეკების სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო.
ლადო ასათიანის სახელობის №6 და აკაკი ბაქრაძის სახელობის №18 ბიბლიოთეკებში მიმდინარე სარემონტო-სარეაბილიტაციო პროცესი ასევე დაათვალიერეს საკრებულოში გლდანის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა კონსტანტინე ზარნაძემ, დიდუბის რაიონის გამგებელმა ვლადიმერ ძნელაძემ და გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა ბესო კალაძემ.
როგორც თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე კახა ლაბუჩიძემ აღნიშნა, მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების სარეაბილიტაციო პროცესის გათვალისწინება დედაქალაქის ბიუჯეტში საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე მოხდა.
„რეაბილიტაციის შედეგად, თბილისს ორ მნიშვნელოვან ლოკაციაზე - დიღმის მასივსა და გლდანში, თანამედროვე სტანდარტით კეთილმოწყობილი ბიბლიოთეკა ექნება, რომელიც შესაბამისი წიგნის ფონდებით უახლოეს პერიოდში შეივსება. საჭირო სუბსიდიების გამოყოფით, მულტიფუნქციური ბიბლიოთეკის გაერთიანებას შესაძლებლობა აქვს მომსახურების სერვისების გაუმჯობესება, კულტურულ-საგანმანათლებლო და შემეცნებითი ღონისძიებების ჩატარება და მომავალი თაობის წიგნებით დაინტერესება უზრუნველყოს“, - განაცხადა კახა ლაბუჩიძემ.
დიღმის მასივში მდებარე ბიბლიოთეკაში შიდა სივრცის გამაგრება დასრულებულია და სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. გლდანის რაიონში მდებარე ბიბლიოთეკაში კი ცენტრალური, ინდივიდუალური და საბავშვო სივრცეების რეაბილიტაციის პროცესი დასრულებულია და უახლოეს მომავალში ამ სივრცეების მოწყობის სამუშაოები დაიწყება.