თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე კახა ლაბუჩიძე და დედაქალაქის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე N156 საჯარო ბაგა-ბაღში მივიდნენ, სადაც უკრაინის მოქალაქე გოგონა მოინახულეს.
4 წლის მაშა მიხაილენკო, რომელიც კიევიდან ჩამოვიდა, უკვე მეორე დღეა რაც თბილისის საჯარო ბაღში ირიცხება.
,,დღეს უკვე მეორე დღეა, რაც დედაქალაქის ბაგა-ბაღებში უკრაინელი ბავშვების რეგისტრაცია დაიწყო. საჯარო ბაღებში რეგისტრაციის გამარტივების ინიციატივას, რომელიც თბილისის მერს, კახი კალაძეს ეკუთვნის, საკრებულოში ერთხმად დავუჭირეთ მხარი.
დღეს ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელთან ერთად 156-ე ბაგა-ბაღს ვეწვიეთ, სადაც ერთი-ერთი აღსაზრდელი უკრაინელი გოგონაა’’, -განაცხადა კახა ლაბუჩიძემ და პატარა მაშას საჩუქრები გადასცა.
დედაქალაქის მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებით, თბილისში მყოფი ყველა უკრაინელი პატარა საბავშვო ბაღების მომსახურებით თავისუფლად ისარგებლებს.
უკრაინელი მოქალაქეებისთვის საჯარო ბაღებში რეგისტრაციის გამარტივების შესახებ ქალაქის მერის ინიციატივა თბილისის საკრებულომ გასულ პარასკევს დაამტკიცა და ამ ეტაპზე მუნიციპალური ბაგა-ბაღის სერვისებს უკვე უკრაინიდან საქართველოში ჩამოსული ბაღის ასაკის 12 აღსაზრდელი იღებს.