იუნესკო-ს წიგნის მსოფლიო დედაქალაქის სტატუსი თბილისმა მექსიკის ქალაქ გვადალაჰარას გადასცა. სტატუსის გადაცემის ცერემონიას, რომელიც მექსიკის ქალაქ გვადალაჰარაში შედგა, თბილისიდან ოფიციალური დელეგაცია დაესწრო. ღონისძიებაზე იმყოფებოდნენ თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია, „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ დირექტორი ნინია მაჭარაშვილი, თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე კახა ლაბუჩიძე და პროექტის განმახორციელებელი გუნდის წევრები. სტატუსის გადაცემის ცერემონიას ასევე ესწრებოდნენ იუნესკო-სა და გვადალაჰარას მერიის წარმომადგენლები, მექსიკელი მწერლები, გამომცემლები და სხვა საპატიო სტუმრები.
როგორც კახა ლაბუჩიძემ განაცხადა, ეს უპრეცედენტო შესაძლებლობაა მსოფლიო ლიტერატურულ რუკაზე საქართველო მოიხაზოს, როგორც განსაკუთრებული კულტურის, ტრადიციების და ისტორიის მქონე ქვეყანა. ესპანურ ენაზე პლანეტის ნახევარზე მეტი საუბრობს და მხოლოდ მექსიკაში 106 მილიონზე მეტი მოსახლეობაა. სწორედ ამიტომ, როგორც „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ სტატუსის ფარგლებში მოხდა პლატფორმის წარმატებით გამოყენება, ისე უნდა მოხდეს მექსიკაში ქართული მწერლობის პოპულარიზაცია. განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარის განმარტებით, „წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ფარგლებში თბილისისთვის მნიშვნელოვანი არაერთი პროექტი განხორციელდა. გვადალაჰარას ოფიციალურ შეხვედრებზე მასპინძელი ქვეყნისგან აღინიშნა, რომ თბილისმა უმაღლეს დონეზე შეძლო წიგნის მსოფლიო დედაქალაქის სტატუსით პოზიციონირება, არამხოლოდ მუნიციპალურ დონეზე, არამედ საერთაშორისო თვალსაზრისით. უფრო მეტიც, თბილისი საუკეთესო მაგალითია, თუ როგორ უნდა გამოიყენონ ქვეყნებმა წიგნის მსოფლიო დედაქალაქის სტატუსი.
აღსანიშნავია, რომ ოფიციალური ვიზიტით მყოფი დელეგაცია მექსიკის ხალისკოს შტატში "ვეფხისტყაოსნის" ესპანურენოვანი თარგმანის პრეზენტაციას დაესწრო, რომელიც საელჩომ და სასწავლო და კვლევითმა ცენტრმა „El Colegio de Jalisco, A. C."-ს ერთობლივად განახორციელა. გამოცემა ქართულ-ესპანურ 30-წლიან დიპლომატიურ ურთიერთობას მიეძღვნა.
„ჩვენი კულტურისა და ლიტერატურის ყველაზე დიდი ეროვნული საგანძური, წიგნი-შედევრი "ვეფხისტყაოსანი" იწყებს მოგზაურობას ესპანურენოვან სამყაროში. დარწმუნებული ვარ, თანამედროვე ქართული მწერლობაც ითარგმნება ამ ერთი წლის მანძილზე და „ვეფხისტყაოსნის“ მსგავსად იმოგზაურებს მრავალმილიონიან ლიტერატურულ სამყაროში“, - განაცხადა კახა ლაბუჩიძემ.
ვიზიტის ფარგლებში ქართულ დელეგაციას შეხვედრა ჰქონდა გვადალაჰარას მერთან პაბლო ლემუს ნავაროსთან და მექსიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ზაზა გაბუნიასთან.
ინფორმაციისთვის, თბილისმა წიგნის მსოფლიო დედაქალაქის სტატუსი 2021 წლის 23 აპრილს მოიპოვა, ხოლო მიმდინარე წლის 23 აპრილს ამ სტატუსს მექსიკის ქალაქ გვადალაჰარას გადასცა. პროექტი "წიგნის მსოფლიო დედაქალაქი" იუნესკოს გენერალურმა კონფერენციამ 2001 წელს დააარსა და ყოველწლიურად მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში ხორციელდება.