თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თინათინ ნიბლოშვილი, მუნიციპალური კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებების მონიტორინგისა და მიმდინარე მოვლენების ადგილზე შესწავლის მიზნით, გასვლით შეხვედრებს განაგრძობს. დეპუტატი ამჯერად ნაძალადევის მედიათეკაში იმყოფებოდა, რომელიც ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში მდებარეობს.
თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების ფარგლებში არსებულმა ბიბლიოთეკებმა და მედიათეკებმა მუშაობა 2 მარტიდან განაახლეს და მომხმარებლებს სერვისს ჯანდაცვის სამინისტროს რეგულაციების შესაბამისად სთავაზობენ.
“გელოდებით თბილისის მედიათეკებსა და ბიბლიოთეკებში ყოველ დღე, სადაც ჯანდაცვის სამინისტროს რეგულაციები და რეკომენდაციები სრულად არის დაცული. პანდემიურმა მდგომარეობამ ნათლად დაგვანახა თანამედროვე მსოფლიოში ტექნოლოგიური გამოწვევების სიმძაფრე, დედაქალაქის მედიათეკები კი ამ კუთხით მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი იყო. ეს არის კულტურულ-საგანმანათლებლო პლატფორმა, რომელიც ამავდროულად საუკეთესო საშუალებაა ტექნოლოგიურ პროცესებთან შეუზღუდავი წვდომის” - განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.
მედიათეკა მოიცავს იზოლირებულ სამკითხველო დარბაზებს ბავშვებისა და მოზარდებისთვის, მთავარ სამუშაო სივრცეს და ეკრანითა და პროექტორით აღჭურვილ მულტიმედიურ ოთახს, სადაც იმართება ფილმების ჩვენება, პრეზენტაციები და სხვადასხვა ტიპის სახელოვნებო შეხვედრები.
თბილისის მერიის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანება 2018 წელს კულტურულ-საგანმანათლებლო ობიექტების რეფორმის ფარგლებში შეიქმნა, რომელიც დედაქალაქის 36 ბიბლიოთეკასა და 3 მედიათეკას აერთიანებს. მისი მიზანია თანამედროვე ტიპის კულტურულ-საინფორმაციო სივრცის შექმნა, რომელშიც მომხმარებელს საშუალება აქვს, როგორც მრავალფეროვანი წიგნადი ფონდით, ისე ელექტრონული რესურსებით ისარგებლოს.