საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ტალიაშვილმა ბავშვთა მეგობრული ქალაქების პირველ საერთაშორისო სამიტში მიიღო მონაწილეობა, რომელიც გერმანიის ქალაქ კიოლნში გაიმართა.
15-18 ოქტომბერს გამართულ სამიტზე, გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) პროექტის „ბავშვზე მორგებული ქალაქები“ ფარგლებში მიღებული კიოლნის დეკლარაცია წარადგინეს, რომელსაც 40 ქვეყნის 100-ზე მეტი ქალაქი შეუერთდა. დეკლარაცია ქალაქებში ბავშვთა ცხოვრების, შესაძლებლობებისა და კეთილდღეობის დონის გაზრდას ისახავს მიზნად.
UNICEF-ისა და ქალაქ კიოლნის მერიის მიერ ორგანიზებული სამიტი მერებს, ადგილობრივ ლიდერებს, სფეროს ექსპერტებს, ბავშვებსა და ახალგაზრდებს აერთიანებდა, სადაც წარმოდგენილ დეკლარაციას ხელი თბილისის მერმა კახა კალაძემაც მოაწერა. საქართველოდან სამიტში მონაწილეობა ასევე თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარიამ და საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენელმა თინათინ ბაუმმაც მიიღეს.
კიოლნის დეკლარაცია ბავშვებისთვის ჯანსაღი და უსაფრთხო გარემოს შექმნას გულისხმობს, რომელიც კანონმდებლობაში, პოლიტიკაში, ბიუჯეტსა და გადაწყვეტილებებში აისახება.
„ბავშვზე მორგებული ქალაქი“ UNICEF-ის პროექტია, რომელიც 1996 წლიდან ხორციელდება და მიზნად ადგილობრივი თვითმმართველობის იურისდიქციის ფარგლებში, ბავშვთა უფლებებისა და თავისუფლების დაცვის უზრუნველყოფას ისახავს.