თბილისის საკრებულოში განათლებისა და კულტურის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა თბილისის 218-ე საჯარო სკოლისთვის ყოფილი დირექტორის რუსტამ ისაევის სახელის მინიჭების შესახებ იმსჯელეს.
რუსტამ ისაევს წლების მანძილზე 218-ე საჯარო სკოლის დორექტორის პოზიცია ეკავა და სასწავლო დაწესებულებისთვის მისი სახელის მინიჭების ინიციატივით თბილისის საკრებულოს კრწანისის რაიონის, სოფელ ფონიჭალის უხუცესთა საბჭოს წევრებმა და 218-ე საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ, მომუნატ გუსეინოვამ მიმართეს.
განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილი დადებითად აფასებს სკოლებისთვის ღვაწლმოსილ პირთა სახელის მინიჭების საკითხს და აღნიშნავს, რომ სკოლისთვის ყოფილი, დამსახურებული დირექტორის, რუსტამ ისაევის სახელის მინიჭება მოსწავლეებს სწავლისა და შემეცნების მეტ სტიმულს მისცემს და ღვაწლმოსილი პედაგოგის დაფასების ერთგვარი მაგალითი იქნება.
რუსტამ ისაევი სხვადასხვა წლებში მუშაობდა გერმანული ენის მასწავლებლად, სასწავლო ნაწილის გამგედ, დირექტორად, სოფლის საბჭოს თავმჯდომარედ და სოფლის საბჭოს მდივნად. მის სახელს უკავშირდება 218-ე საჯარო სკოლაში განათლების ხარისხის ამაღლება.
დეპუტატებმა დადებითად შეაფასეს თბილისის 218-ე საჯარო სკოლისთვის რუსტამ ისაევის სახელის მინიჭების ინიცირების საკითხის დაყენება, რომელსაც განათლებისა და კულტურის კომისია საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს.