თბილისის საკრებულოში განათლებისა და კულტურის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე კახა ლაბუჩიძე უძღვებოდა.
სხდომაზე დეპუტატებმა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ანგარიში მოისმინეს.
განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარის კახა ლაბუჩიძის განმარტებით, თბილისს წიგნის მსოფლიო დედაქალაქის სტატუსი პირველად გადაეცა და პანდემიური ვითარების მიუხედავად, ქვეყანამ ეს შესაძლებლობა ეფექტურად გამოიყენა. დეპუტატის განცხადებით, „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ფარგლებში, 23-27 აპრილს იმყოფებოდა მექსიკის ქალაქ გვადალაჰარაში, რომელსაც თბილისისგან გადაეცა წიგნის მსოფლიო დედაქალაქის სტატუსი. გვადალაჰარას ოფიციალურ შეხვედრებზე მასპინძელი ქვეყნისგან არაერთხელ აღინიშნა, რომ თბილისმა უმაღლეს დონეზე შეძლო წიგნის მსოფლიო დედაქალაქის სტატუსით პოზიციონირება, არამხოლოდ მუნიციპალურ დონეზე, არამედ საერთაშორისო თვალსაზრისით. უფრო მეტიც, თბილისი საუკეთესო მაგალითია, თუ როგორ უნდა გამოიყენონ ქვეყნებმა წიგნის მსოფლიო დედაქალაქის სტატუსი.
„ეს უპრეცედენტო შესაძლებლობაა მსოფლიო ლიტერატურულ რუკაზე საქართველო მოიხაზოს, როგორც განსაკუთრებული კულტურის, ტრადიციების და ისტორიის მქონე ქვეყანა. ესპანურ ენაზე პლანეტის ნახევარზე მეტი საუბრობს და მხოლოდ მექსიკაში 120 მილიონამდე მოსახლეობა. სწორედ ამიტომ, როგორც „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ სტატუსის ფარგლებში მოხდა პლატფორმის წარმატებით გამოყენება, ისე უნდა მოხდეს მექსიკაში ქართული მწერლობის პოპულარიზაცია და საამისოდ აქტიური თანამშრომლობა დავიწყეთ“, – განაცხადა კახა ლაბუჩიძემ.
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ დირექტორმა, ნინო მაჭარაშვილმა სხდომის მონაწილეებსა და კომისიის წევრებს მსოფლიო დედაქალაქის სტატუსის მნიშვნელობასთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა. მისი თქმით, „წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ გულისხმობდა საგანმანათლებლო, შემეცნებით და კულტურულ ღონისძიებებს, რაც ხელს უწყობდა მწერლობის, საგამომცემლო საქმიანობის განვითარებას, საერთაშორისო პროექტების მიმოცვლას. მისივე თქმით, 2022 წლის 23 აპრილამდე, თბილისს ჰქონდა ეს სტატუსი და საკმაოდ წარმატებით გამოიყენა აღნიშნული პლატფორმა.
ნინო მაჭარაშვილმა სხდომაზე იმ პროექტების შესახებაც ისაუბრა, რომლებიც წიგნის მსოფლიო დედაქალაქის ფარგლებში 2021-2022 წელს განხორციელდა. პროექტებს შორისაა:
სარეზიდენციო პროგრამა, ილუსტრაციების ფესტივალი, მოსწავლეებთან შეხვედრები, კონკურსი მთარგმნელების, გამომცემლების და მწერლებისთვის, თბილისური ეზოს რამდენიმე ღონისძიება, საქართველოს პირველი რესპუბლიკის შესახებ ონლაინ ფესტივალი, თბილისის საჯარო სკოლების ბიბლიოთეკების განახლება,თბილისის წიგნის ფესტივალი, თბილისის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი, ინკლუზიური საზაფხულო ბანაკი განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირებისთვის, აუდიოწიგნები განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირებისთვის, აუდიო-ვიზუალური პროექტი - ექო, რეპრესირებული მწერლების მუზეუმი, საერთაშორისო საგამომცემლო კონფერენცია და UNESCO WBC Network-ის ოფიციალური დაარსება თბილისში.
სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
განათლების და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ კახა ლაბუჩიძემ „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ დირექტორს, ნინო მაჭარაშვილს ამომწურავი და საინტერესო პრეზენტაციისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების პირობებში ღონისძიებები მაქსიმალურად ეფექტიანად ჩატარდა.
განათლების და კულტურის კომისიის წევრებმა ანგარიში ცნობის სახით მიიღეს.