თბილისის საკრებულოში ღონისძიება ,,ქართული ტრადიციული მედიცინა-წარსულიდან მომავლისკენ” გაიმართა, რომლის მიზანს ქართული მედიცინის საუკუნოვანი ისტორიისა და უნიკალურობის, როგორც კულტურული მემკვიდრეობის წარმოჩენა წარმოადგენდა.
ღონისძიება ქართული მედიცინის ისტორიის მუზეუმის ინიციატივით გაიმართა და მასზე მოხსენებით გამოვიდნენ აკადემიკოსები რამაზ შენგელია, ალექსანდრე ბაკურაძე, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი მანანა ესაიაშვილი და ტრადიციული მედიცინის წარმომადგენელი ნინო ასლამაზაშვილი.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ანტიკური ხანის ქართულმა მედიცინამ წარუშლელი კვალი დატოვა მსოფლიო მედიცინის ისტორიაში. სიტყვა „მედიცინაც“ დაკავშირებულია კოლხეთის ლეგენდარული მეფის, აიეტის ქალიშვილის, მედეას სახელთან, რომელიც თავისი ეპოქის სახელგანთქმულ მკურნალად ითვლება. შეხვედრაზე ითქვა, რომ საქართველო, როგორც ევროპა-აზიის გასაყარზე მდებარე ქვეყანა, მედიცინის განვითარების ისტორიის თვალსაზრისით მეტად საინტერესოა.
თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილმა თავის გამოსვლაში ქართული ხალხური მედიცინის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭებისა და სამეცნიერო ტურიზმის კუთხით, საქართველოს კულტურულ მარშრუტებში ჩართვის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ღონისძიებაზე ქართული ტრადიციული მედიცინის განვითარებისა და ხელშეწყობის მიზნით, მონაწილეებმა დააყენეს წინადადება ფიტოთერაპიაში მომუშავე სპეციალისტების ასოციაციის შექმნის შესახებ.
შეხვედრაზევე მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ენდოკრინოლოგი ნინო ჭუმბურიძე მედიცინაში შეტანილი წვლილისთვის ოქროს საწმისით დაჯილდოვდა.
ღონისძიების ფარგლებში მოეწყო ქართული მედიცინის ისტორიის მუზეუმის ექსპონატების გამოფენა.