თბილისის საკრებულოში განათლებისა და კულტურის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე იმსჯელეს. საკითხები კომისიის წევრებს მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ და მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ მაკა ნასრაშვილმა წარუდგინეს.
დღის წესრიგის პირველი საკითხი 2020 წლის ბიუჯეტში შესატან ცვლილებებს ეხებოდა, რომლის მიხედვით მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურისადმი დაქვემდებარებულ კულტურის ობიექტების თანამშრომლებს ხელფასი საშუალოდ 100 ლარით გაეზრდებათ.
ბიუჯეტში შეტანილი ცვლილება ახმეტელის, პანტომიმის, სამეფო უბნისა და ,,გლობუსის’’ თეატრების, თბილისის ,,ბიგ-ბენდისა’’ და თბილისის თანამედროვე ბალეტის თანამშრომლებს ეხება.
გარდა ამისა, სამეფო უბნის თეატრის 15 თანამშრომელი მუდმივ შტატზე გადავა. თბილისის ,,ბიგ-ბენდს’’ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის ერთი შტატი დაემატება, ილია ჭავჭავაძის ახლადრეაბილიტირებულ მუზეუმს - ორი, ხოლო მახათას მთაზე ტერიტორიის მცველის შტატი განისაზღვრება.
2020 წლის ბიუჯეტში წარმოდგენილი კიდევ ერთი ცვლილება მუნიციპალური ბიბლიოთეკების გაერთიანების ხელშეწყობის საკითხს ეხება, რომლის მიხედვით ახალი მედიათეკისთვის საჭირო ოთხ თანამშრომელს სექტემბრიდან სახელფასო ანაზღაურება გაეზრდება.
კომისიის სხდომაზე ასევე განიხილეს ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის და მემორიალური დაფის განთავსების წესი’’, რომელიც ახლებურად აწესრიგებს კონცეპტუალური ხელოვნებისა და თანამედროვე ინსტალაციების განთავსების პროცედურებს. ახალი წესი პირველად განსაზღვრავს კრიტერიუმებს, რომლითაც თბილისის მერიის მიზანშეწონილობის კომისია იხელმძღვანელებს.
კომისიის წევრებმა წარმოდგენილ საკითხებს მხარი დაუჭირეს და საკრებულოს სხდომაზე დასამტკიცებლად დადებითი რეკომენდაცია მისცეს.