თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში განათლებისა და კულტურის კომისიის სხდომა გაიმართა.
სხდომაზე, რომელსაც განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილი უძღვებოდა, ლიტერატურისა და ხელოვნების კონკურსის ,,თბილისი“ საორგანიზაციო ჯგუფის წევრებს მოუსმინეს.
საორგანიზაციო ჯგუფის ხელმძღვანელმა ირაკლი შამათავამ კომისიის წევრებს კონკურსის მიმდინარეობის შესახებ მოკლე ანგარიში წარუდგინა.
როგორც კომისიის სხდომაზე აღინიშნა, კონკურსის მსვლელობისას ყველა ნომინაციაში წელს უპრეცენდენტოდ დიდი რაოდენობის და მაღალი ხარისხის ნაწარმოები შემოვიდა, რაც პოპულარობის ზრდასთან ერთად ლიტერატურისა და ხელოვნების კონკურსის ,,თბილისი“ სხვადსხვა ორგანიზაციებთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმების გაფორმებასაც უკავშირდება.
აღსანიშნავია ისიც, რომ კონკურსის მასშტაბი წელს უფრო მეტად გაფართოვდა და მასში საბერძნეთის, ისრაელის, ესპანეთისა და სხვა ქვეყნების წარმომადგენლები და ქართული დიასპორის წევრები მონაწილეობენ.
თბილისის საკრებულო ლიტერატურის და ხელოვნების კონკურსს ,,თბილისი“ უკვე მესამედ ატარებს.
კონკურსი ლიტერატურისა და ხელოვნების თითქმის ყველა სფეროს მოიცავს და გამარჯვებულებს კომპეტენტური ჟიური გამოავლენს.
კონკურსის დაჯილდოების ცერემონია, ტრადიციულად, თბილისობის დღესასწაულს ფარგლებში, 7 ოქტომბერს გაიმართება.