თბილისის საკრებულოში ,,ეთნოფესტი 2018’’ შესახებ პრესკონფერენცია გაიმართა. პრესკონფერენციას თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე, თამარ ტალიაშვილი, მერის მოადგილე სოფიო ხუნწარია, პროექტის ორგანიზატორი მაკა დვალიშვილი და სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარების ხელმძღვანელი თათია ბიძინაშვილი უძღვებოდნენ.
„მიმაჩნია, რომ ტრადიციული რეწვის და დიზაინის თბილისის საერთაშორისო სამიტი ნიშნავს ქართული კულტურისა და ტრადიციის პოპულარიზაციას, ეს არის ინოვაციის ხელშეწყობა; ჩვენი ადგილობრივი მეწარმეების წახალისება და მათთვის ახალი ბიზნეს კონტაქტები, მათ შორის, საერთაშორისო ბაზარზე გასვლის ახალი გზები; ეს არის ახალი ქართული პროდუქცია, ახალი სამუშაო ადგილები და ყველა ის პლიუსი, რომელიც კულტურისა და ეკონომიკის შეთანაწყობას შეიძლება მოჰყვეს.’’ -განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.
,,ეთნოფესტი 2018’’ ტრადიციული რეწვისა და დიზაინის თბილისი მეორე საერთაშორისო სამიტი, 28, 28, 30 სექტემბერს ექსპოჯორჯიის 4, 5, 6 პავილიონებში გაიმართება. 150-ზე მეტი ოსტატი, დიზაინერი, მწარმოებელი საქართველოდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან, სამი დღის განმავლობაში წარადგენენ თავიანთ პროდუქციას. პარალელურად, დიზაინერები და მარკოტოლოგები აშშ-დან, პოლონეთიდან, ინგლისიდან და სხვა ქვეყნებიდან ჩაატარებენ საჯარო ლექციებს, პრეზენტაციებს, სამუშაო შეხვედრებსა და სემინარებს ადგილობრივი პროდუქციის დახვეწის, ოსტატების პროფესიული და მარკეტინგული უნარების განვითარების, მათთვის მსოფლიო ბაზრის მოთხოვნებისა და დარგის თანამედროვე ტენდენციების გასაცნობად.
„ეთნოფესტი 2018“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, მერიასა და ა(ა)იპ „ხელოვნების საერთაშორისო ცენტრს“ შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე ხორციელდება, რომლის ფარგლებში წლების განმავლობაში არაერთი წარმატებული პროექტი განხორციელდა, მათ შორის, გამოიცა ტრადიციული რეწვის ბიზნეს სახელმძღვანელო, გაიმართა ტრადიციული მეწარმეობის ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა, შეიქმნა უნიკალური ორენოვანი კრებული ქართული რეწვის ოსტატებისა და მათი ნამუშევრების შესახებ; ასევე, დაფუძნდა ტრადიციული რეწვის ოსტატთა გილდია.