თბილისის საკრებულოს განათლების და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თინათინ ნიბლოშვილი და კომისიის წევრები საქართველოში ვიზიტით მყოფ უკრაინის განათლების სფეროს დელეგაციას შეხვდნენ, რომლის შემადგენლობაში უკრაინის განათლების სამინისტროს წარმომადგენლები, სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების რექტორები და უკრაინის რექტორთა ასოციაციის საბჭოს თავმჯდომარე იყვნენ. შეხვედრაში საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე და განათლების და კულტურის კომისიის წევრი მარიკა დარჩია, კომისიის წევრები გულია გოცირიძე და ვლადიმერ ძნელაძე მონაწილეობდნენ.
განათლების და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თინათინ ნიბლოშვილი უკრაინის დელეგაციის წევრებს მიესალმა, სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა და მომავალი თანამშრომლობის იმედი გამოთქვა.
„ვფიქრობ, რომ ნაყოფიერი შეხვედრაა. ერთმანეთს გავუზიარებთ საუკეთესო გამოცდილებას და მომავალში თანამშრომლობის შესახებ შევთანხმდებით,“- განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.
კომისიის თავმჯდომარემ უკრაინელ სტუმრებს მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში არსებული სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების, თბილისის ტერიტორიაზე არსებული სკოლების, მუნიციპალიტეტის მიერ განათლების მიმართულებით განხორციელებული პროექტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
უკრაინის საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლებმა საკრებულოს წევრებს მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადეს და აღნიშნეს, რომ მათთვის საინტერესოა თბილისის მუნიციპალიტეტის როლი განათლების დაფინანსების მიმართულებით.
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ მარიკა დარჩიამ არაფორმალური განათლებაზე - მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში არსებული მუზეუმების შესახებ, სხვადასხვა კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამებზე, ასევე მოსწავლეთა ეროვნული სასახლის შესახებ ისაუბრა.
უკრაინული დელეგაციის წევრებთან შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. უკრაინელ სტუმრების შეკითხვები თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებს, მუნიციპალიტეტის მიერ სოციალურად დაუცველი მოსწავლეების და სტუდენტების დაფინანსებას და პროგრამებს შეეხებოდა.
შეხვედრის ბოლოს, მხარეებმა სამახსოვრო საჩუქრები გაცვალეს. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ მარიკა დარჩიამ უკრაინელ სტუმრებს დიმიტრი ყიფიანის სახელობის საგამოფენო სივრცე დაათვალიერებინა.