გელოვანის ქ. #4-ში მდებარე აფხაზეთის #2 საჯარო სკოლისთვის საქართველოს ეროვნული გმირის, აფხაზეთის ომში დაღუპული ჯუმბერ ბეთაშვილის სახელის მინიჭებასთან დაკავშირებით დღეს მემორიალური დაფის გახსნის საზეიმო ცერემონიალი გაიმართა.
აღნიშნული გადაწყვეტილება დედაქალაქის საკრებულომ განათლებისა და კულტურის კომისიის რეკომენდაციით, ამავე სკოლის დირექციის მიმართვის საფუძველზე მიიღო.
ღონისძიებაზე მეგობრებმა ეროვნული გმირი გაიხსენეს და მის ღვაწლზე ისაუბრეს, ხოლო სკოლის მოსწავლეებმა ჯუმბერ ბეთაშვილისადმი მიძღვნილი ლექსები და ჩანახატები წაიკითხეს.
საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ თამარ ტალიაშვილმა აღნიშნული ინიციატივისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ სკოლის მოსწავლეები ჯუმბერ ბეთაშვილის გმირობისა და თავდადების შესახებ სრულ ინფორმაციას გაეცნობიან.
,,საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება აფხაზეთის საქართველს იურისდიქციაში დაბრუნების პროცესის დასაჩქარებლად ყველაფერს აკეთებს’’,- განაცხადა დეპუტატმა და ასევე ხაზი გაუსვა, რომ ფრაქცია „ქართული ოცნების“ რიგებში არის აფხაზეთის ომის გმირი, ვახტანგ გორგასლის ორდენის კავალერი გენერალი კობა კობალაძე.
საზეიმო ცერემონიალს თამარ ტალიშვილთან ერთად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსა და აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს წარმომადგენლები, ასევე ჯუმბერ ბეთაშვილის ახლობელ-მეგობრები და თანამებრძოლები დაესწრნენ.
ჯუმბერ ბეთაშვილი 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემის დღეს ჟიული შარტავასა და მის თანმხლებ პირებთან ერთად აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს შენობაში იმყოფებოდა და მისი აღებისას გმირულად დაიღუპა.
ჯუმბერ ბეთაშვილს სიკვდილის შემდეგ, 1999 წლის 13 მარტს გორგასლის პირველი ხარისხის ორდენი მიენიჭა.